ახალი ამბები

ენმ-ს თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირება სურს

25 აგვისტო, 2016 • 1186
ენმ-ს თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირება სურს

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების დეპუტატები დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას აპირებენ და ამასთან დკავშირებით საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.

ენმ-ის წევრის, ირაკლი აბესაძის განმარტებით, ნარმანიას თანამდებობიდან გადაყენების არაერთი მიზეზი აქვთ: “დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, არაეფექტური მმართველობა და ა.შ.” ენმ-ის წევრების ბრიფინგს წინ უძღოდა მერიაში გუშინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.

“საკითხის ინიცირებისთვის და სხდომაზე დასაყენებლად საჭიროა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ამ შემთხვევაში- 24 დეპუტატი, ხოლო იმისთვის, რომ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს უნდობლობა გამოეცხადოს, საჭიროა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3, ამ შემთხვევაში- 34 დეპუტატი”, – განმარტა აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოში მიმართეს თავიანთ კოლეგებს როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი ფრაქციიდან, შეუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას.

აღნიშნულ საკითხს უკვე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ უნდობლობის გამოცხადებისათვის საჭირო ხმებს ოპოზიცია ვერ მოაგროვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი