კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები გაუმართლებლად მიიჩნევენ “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” ინიციტივას სკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შესახებ.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება არსებულ საარჩევნო სისტემას და მთელ კანონმდებლობას:
“ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონსა” და საარჩევნო კოდექსთან. მოგეხსენებათ, ამ კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეს აკრძალული აქვს მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო აგიტაციაში, დააფინანსოს პოლიტიკური პროცესები. კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებები და მისი მორგება კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ პიროვნებაზე სრულიად მიუღებელია”, – მიიჩნევს ლომჯარია.
მისივე შეფასებით, თავიდანვე იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება აიკრძალა იმ მოტივით, რომ შესაძლებელია იურიდიული პირების უკან მდგარიყო უცხო ქვეყნის მოქალაქე და საკანონმდებლო ორგანომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ასეთი შემთხვევები განიხილა, როგორც ქვეყნის სუვენერიტეტში ჩარევა.
“აქედან გამომდინარე, მსგავსი ინიციატივა ეწინააღმდეგება რამდენიმე თვის წინ საკანონმდებლო ორგანოს მყარ პოზიციას, რომ ყოველგვარი უცხო ქვეყნის ფინანსებისა და მოქალაქეების ჩარევა ქართულ პოლიტიკაში უნდა ყოფილიყო აღმოფხვრილი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლომჯარიამ.
კითხვაზე არსებობს თუ არა მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში, ლომჯარია აღნიშნავს, რომ
ევროპის ცალკეულ ქვეყანაში ნებადართულია ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში.
“ჩვენ მცირედი კვლევა ჩავატარეთ. მაგალითად, ევროპის ცალკეულ ქვეყანაში ნებადართულია ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში. თუმცა, აქ საუბარია მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე და არა ევროკავშირს მიღმა მყოფი ქვეყნების მოქალაქეებზე”, – აღნიშნავს ლომჯარია.
არასამთავრობო ორგანიზაციები “ქრისტიან–დემოკრატებს” მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ამ ინიციატივის განხილვებზე.
შეგახსენებთ, 2012 წლის 5 აპრილს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები კი თვალისწინებს არჩევნებში მონაწილეობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების მინიჭებას ევროკავშირის იმ მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოში დაიბადა და ცხოვრობდა 10 წელი.
“ეს შენ გეხება”–ში მონაწილე არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტული სიტუაციიდან გზის მოძებნა სხვა საშუალებით, კანონიერი გზებით შეიძლება. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი შესაძლებელია არსებული კანონმდებლობის ჩარჩოებში გადაწყდეს და არა კონსტიტუციის მორგებით.