ახალი ამბები

“გამოქვეყნდეს სადამკვირვებლო მისიების მოსაწვევების შინაარსი!”

10 აპრილი, 2012 •
“გამოქვეყნდეს სადამკვირვებლო მისიების მოსაწვევების შინაარსი!”

კოალიცია “ქართული ოცნებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს იმ ოფიციალური მოსაწვევების შინაარსი, რომლებიც მათ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაუგზავნეს:

“ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, რომ გვეიძულებინა ხელისუფლება, საჯარო განცხადება გაეკეთებინა საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოაქვეყნონ ოფიციალური მიმართვის ტექსტი, თუ რა ფარგლებში გადაეგზავნათ მათ ეს მოსაწვევები”, – აცხადებს ხიდაშელი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი მისიები საქართველოში მუშაობდნენ არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე და არა – ორი თვით ადრე.

ხიდაშელი აცხადებს, რომ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მიიღო პირობა, რომ საქართველოში ჩამოვლენ ევროპის ლიბერალური პარტიის წარმომადგენლები, რათა ადგილზე გაეცნონ პოლიტიკური კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას.

თინა ხიდაშელის თქმით, 10 მაისს საქართველოს ჩამოვა სადამკვირვებლო მისია 20-25– კაციანი შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და გერმანიის წარმომადგენლებით. ისინი შეხვედრებს გამართავენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან. ხიდაშელი იმედოვნებს, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის საშუალებაც ექნება.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, 6 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის მოთხოვნით, საერთაშორისო ინსტიტუტებს მოსაწვევი გაუგზავნა.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, მანანა მანჯგალაძის თქმით, ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი დაეგზავნა – ეუთოს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს  საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი