ახალი ამბები

საკანონმდებლო ცვლილებები ივანიშვილის მოქალაქეობაზე უარის სანაცვლოდ

6 აპრილი, 2012 •
საკანონმდებლო ცვლილებები ივანიშვილის მოქალაქეობაზე უარის სანაცვლოდ

საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს არჩევნებში მონაწილეობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების მინიჭებას ევროკავშირის იმ მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოში დაიბადა და ცხოვრობდა 10 წელი, დღეს პარლამენტში, საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე ისაუბრეს. 

“ჩვენ შემოგთავაზეთ ისეთი ნორმები და წინადადებები, რომელიც ყველას პრობლემას აგვარებს. ჩვენ გთავაზობთ ისეთ ნორმას, როდესაც ყველა იმ ადამიანის მოლოდინის გამართლება იქნება შესაძლებელი, რომელიც თვლის, რომ მისთვის პოლიტიკურ პროცესში ხელოვნურად მონაწილეობის შეზღუდვა არის დაუშვებელი. ჩვენ მოვიფიქრეთ ისეთი რაციონალური წინადადება, რომელზეც პასუხს “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ამბობს”, – განაცხადა ცვლილებების ინიციატორმა, “ქრისტინ–დემოკრატიულის მოძრაობის” ლიდერმა  გიორგი თარგამაძემ.

აღნიშნული საკანონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას 14–მდე საკანონმდებლო ცვლილება დასჭირდება. მათ შორის “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონსა” და “საარჩევნო კოდექსში”, კერძოდ, ხელახალა უნდა განისაზღვროს, თუ ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი; ახლებურად დაიწეროს და გადაიხედოს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პოლიტიკური ძალების დაფინასების საკითხი; საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის წევრ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 

“ამას დასჭირდება დრო და ამ კუთხით იურიდიულ კომიტეტს ბევრი სამუშო ექნება იმიტომ, რომ ყველა ის შეუსაბამობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს, უნდა გაასწოროს საქართველოს პარლამენტმა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიორგი თარგამაძემ.  

განხილვაზე ოპოზიციური ფრაქციების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციაში ბიძინა ივანიშვილისთვის შედის და ქვეყნის ძირითადი კანონი და სამართლებრივი ვითარება ერთი კაცის (მიხეილ სააკაშვილის) ჭირვეულობას ეწირება.

“ხელისუფლებას უნდა, რომ უკანონო გადაწყვეტილება გაიფორმოს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ “ქრისტიან–დემოკრტებისგან”, როგორც მინიმუმ, მოგვესმინა ინიციატივა ორგანულ კანონში საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც უნდა მარტივდებოდეს ამ შემთხვევაში მდგომარეობა, ამის სანაცვლოდ თქვენ ასეთი მასშტაბური ცვლილებების განხორციელებას ითხოვთ კონსტიტუციაში… კონსტიტუციის შეცვლას სჯობია, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა კანონიერად აღუდგეს”, – აღნიშნა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამას ყოველგავრი პოლიტიკური სპეკულაციების გამორიცხვით ხსნის: 

“არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ დაიწყონ პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე და თქვან, რომ თითქოს ვიღაცას შეეზღუდა პოლიტიკური უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არანაირი შეზღუდვა არ დარჩება, ნებისმიერი საჯარო პოლიტიკური თანამდებობა იქნება ხელმისწვდომი”, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რა საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მაშინ, როდესაც ივანიშვილს შეეძლო ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება, კუბლაშვილი აცხადებს:

“არ შეეძლო ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება. კანონი პირდაპირ განმარტავს: პირი, რომელიც არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, უნდა გადიოდეს ორმაგი მოქალაქის პროცედურას. ვინაიდან მან, მისმა იურისტებმა ან მისმა მრჩევლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პროცედურები არ დაეცვათ და სამართლებრივი გზით არ წასულიყვნენ და პოლიტიკური სპეკულაციები არჩიეს, ჩვენ ვჭრით გზას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის”.

საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი საეჭვოდ მიიჩნევს ორი პოლიტიკური ჯგუფის (“ნაციონალური მოძრაობა” და “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”) თანხვედრას საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საკითხში.

5 მაისამდე დაგეგმილია წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები, რის შემდეგაც ცვლილებები დამტკიცდება და შევა ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი