ახალი ამბები

თბილისში ხეების მოჭრაზე ნარმანიამ 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა

20 აგვისტო, 2016 • 1811
თბილისში ხეების მოჭრაზე ნარმანიამ 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა

თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოცხადდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ნარმანიას გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესის და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის  საჭიროებითაა გამოწვეული. 

ხეების მოჭრა , რამაც გარემოსდამცველთა  პროტესტი გამოიწვია, 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე დაიწყო. მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” წევრები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, აცხადებენ, რომ საბურთალოზე საღი ხეები მოჭრეს.

“ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენ  ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პირთან ერთად კიდევ ერთხელ გადავხედავთ ქალაქის გამწვანებასთან და ხეების ფორმირებასთან დაკავშირებულ წესებს.  მართალია, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ კანონში ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა  ჯერ კიდევ გადასახედი და დასახვეწია. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხები, რათა რეგულაციები გავხადოთ კიდევ უფრო მკაცრი. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 21-ე საუკუნეში ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია. უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მოგვცემს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას, რათა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მწვანე საფარი, მეორე მხრივ კი, ვიზრუნოთ ახალი პროექტების განხორციელებასა და ადამიანების დასაქმებაზე.  ჩვენ მოვუსმენთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს რაციონალური წინადადება და შევიმუშავებთ ახალ წესებს“ – ნარმანიას კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვის გამო“პარტიზანული მებაღეობის” წევრები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის გადადგომას ითხოვენ . ამ მოთხოვნით “პარტიცანული მებაღეობის” წევრმა ნატა ფერაძემ შიმშილობაც დაიწყო.

ყაზბეგის ქუჩაზე ხეების ჭრის საქმეს პროკურატურა იძიებს, რომელმაც საქმის გამოძიება “პარტიზანული მებაღეობის” განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი