მომდევნო წლიდან ელექტროენერგიის საფასური გაძვირდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მიერ მედიაცენტრ “მთავარში” ჩატარებული ბრიფინგიდან.
ნარმანიამ ეს გარემოება იმით ახსნა, რომ მისი თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში ენერგო-პრო ჯორჯია 1,5 მლრდ ლარის ინვესტირებას აპირებს, ხოლო თელასი – 400 მილიონი ლარის. ენერგო-პრო რეგიონებზეა პასუხისმგებელი, ხოლო თელასი – თბილისზე. ნარმანიას თანახმად, ეს ფული დაიხარჯება გადამცემ ხაზებზე, ქვესადგურების, ტრანსფორმატორების მოდერნიზაციაზე და ა.შ.
“ეს საინვესტიციო აქტივობა, ბუნებრივია, გარკვეულ ასახვას ჰპოვებს სამომხმარებლო ტარიფზე. მიმდინარე წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გადაითვალოს. ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში 3 თეთრით გვქონდა შემცირებული სამომხმარებლო ტარიფები და 2024-2025 წლის განმავლობაში წინა პერიოდთან შედარებით სწორედ 3 -თეთრიანი შემცირებული ტარიფით მიეწოდებოდა ელექტროენერგია მომხმარებლებს…
…გათვალისწინებული იქნება ახალი საინვესტიციო პროექტებიც, რომელსაც კომპანიები მომდევნო წლების განმავლობაში განახორციელებენ და ამ მოცემულობების გათვალისწინებით იქნება ახალი ტარიფები დაანგარიშებული. მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბრის კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგეტიკის სექტორში…
…ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისიის აპარატი ამ ეტაპზე მუშაობს ამ საკითხზე….საუბარი არის ინვესტიციებზე. ისევე, როგორც ენერგია, იცით თქვენ, რომ ეტაპობრივად ძვირდება, ამიტომაც ინვესტიციებიც გარკვეულ გავლენას ახდენს ტარიფზე და გაძვირებული ენერგიაც”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში ზაფხულის განმავლობაში, როცა ქვეყანას ჰიდრორესურსების სიჭარბე ჰქონდა, დენს მეზობელ ქვეყნებში ყიდდა.
“კერძოდ, ძირითადი ნაწილის ექსპორტი მოხდა თურქეთში, ასევე ნაწილის ექსპორტი განხორციელდა მეზობელ სომხეთის რესპუბლიკაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ დეფიციტურ პერიოდში შევედით, ახლა ძირითადად ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან მიმდინარეობს და მუშაობს თბოსადგურები, რომლებიც ბუნებრივ აირზე არიან და გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. უშუალოდ, ფიზიკურად ელექტროენერგიის იმპორტი შედარებით მცირე მოცულობით ხდება”, – აცხადებს ნარმანია.







