დღეს, 17 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალში გავიდა. ფინალი ხვალ, თბილისის დროით 16:25 საათზე დაიწყება.
ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ნახევარფინალში თავის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ოლიმპიადაზე დებიუტის მქონე კანოისტმა ზაზა ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა და ფინალიში გუნდური პირველი ადგილით გავიდა.
ზაზა ნადირაძე ფინალში აზერბაიჯანის ოლიმპირი გუნდის წევრ ვალენტინ დემიანენკოს, რუს ანდრე კრაიტორს, ფრანგ ტომას სიმარტის, ჩეხ მარტინ ფუკსას, ჩინელ ქიანგ ლის, ესპანელ ლოპეც ბენავიდესს და ბრაზილიელ დოსანტოს კუეიროსს შეეჯიბრება.
საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის ხუთი მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ. საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.