ახალი ამბებიეკონომიკა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერების ჩატარების წესში ცვლილებები შეიტანა

17 აგვისტო, 2016 • 2316
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერების ჩატარების წესში ცვლილებები შეიტანა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერების ჩატარების წესში ცვლილებები შეიტანა: 1 აგვისტოდან ელექტრონული ტენდერი და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ორ ეტაპად ტარდება; ამიერიდან ტენდერის გამოცხადება დახურული მონაცემებით, ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშეა შესაძლებელი; ხოლო 1 სექტემბრიდან ტენდერებში ამხანაგობების სახით მონაწილეობაც შესაძლებელი იქნება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ორეტაპიანი ტენდერების მოდული ავტომატიზებულია: სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ავტომატურად (სატენდერო პირობებით დადგენილი კრიტერიუმებისა და მათი წონების გათვალისწინებით, სისტემაში გენერირებული საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულის გამოყენებით) ახდენს პრეტენდენტების რანჟირებას და დამოუკიდებლად გამოავლენს საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს.

იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე პრეტენდენტი მიიღებს თანაბარ ქულას, სისტემა ავტომატურად მიანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა წარადგინა სატენდერო წინადადების ფასი.

ორეტაპიან ტენდერში წინადადებების მიღების დასრულებულისთანავე საჯარო ხდება მხოლოდ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და მისი სატენდერო წინადადება. ხოლო პრეტენდენტთა რაოდენობა, მათი ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯაროვდება მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ე.წ “დახურული მონაცემებით” ტენდერების ჩატარებას დადებითად აფასებს, რადგან ვაჭრობის მიმდინარეობის პროცესში დაფარული იქნება გარკვეული ინფორმაცია, – ვინ არის შემსყიდველი, ვინ არიან პრეტენდენტები, – რომლის ღიაობაც გარკვეულ ეტაპზე, მისი თქმით, კორუფციულ რისკებს ზრდიდა.

“სისტემა ისეა აწყობილი, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ჩნდება. ხელშეკრულების დადების შემდეგ კი ყველა მონაცემი იხსნება და ტენდერში ყველა ხედავს ყველაფერს – ვინ იღებდა მონაწილეობას, ვინ, რა ფასი შესთვაზა, ვინ, რა დოკუმენტაცია ატვირთა და ა.შ”, – გვიხსნის ლევან რაზმაძე.  მისი თქმით, ეს ცვლილება ამცირებს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის უკანონო გარიგების დადების შანსს.

ლევან რაზმაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, 600-ზე მეტი ასეთი ტენდერია გამოცხადებული. “იყო სკეპტიკური შეხედულებები და მოლოდინი, რომ დამატებითი რაუნდების გაუქმების გამო არ იქნებოდა “ეკონომიები” (ცვლილება სავარაუდოდ გამოცხადებულ ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის). თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ეკონომია” გაცილებით მაღალია”, – ამბობს სააგენტოს თავმჯდომარე.

“ეკონომია გაცილებით მაღალია, რადგან მიმწოდებლებს მოვუხსენით ვალდებულება, ორ წუთში გაეაზრებინათ ის, რაც 5 დღეში ჰქონდათ გასააზრებელი. 5 დღის ვადაში მათ შეეძლოთ შეთავაზება და ფასის ცვლილება. რაუნდებზე გადასვლის შემდეგ კი “კაზინოს” პრინციპით მიმდინარეობს ვაჭრობა. ეს პრინციპი გადადიოდა შურსა და ურთიერთდაპირისპირებაში და ისეთ ფასებს ვიღებდით, რომ ხელშეკრულებები არ სრულდებოდა. ახლა კი ისინი გააზრებულ, სწორ და ნამდვილ ფასს დებენ”, – ამბობს ლევან რაზმაძე.

ამ ცვლილებებთან ერთად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ივლისის (#6) ბრძანება. ბრძანების მიხედვით, ტენდერში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით, ორ ან რამდენიმე მიმწოდებელს უფლება აქვს, გაერთიანდეს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით.

ამხანაგობის ხელშეკრულებას მიმწოდებლები აფორმებენ წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ყველა მონაწილე. მონაწილეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება ან მათი ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილი წესით დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე და დარეგისტრირდეს სისტემაში. სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამხანაგობის მონაწილე ყველა მიმწოდებელი იყოს რეგისტრირებული სისტემაში.

როგორც შეხვედრაზე მედიაბიზნესის წარმომადგენლებმა თქვეს, პრობლემური იყო ერთი შემსყიდველის მიერ ტენდერის გამოცხადება, სადაც ერთი მიმწოდებლისგან  სხვადასხვა მომსახურებას მოითხოვდა. მაგალითად, საინფორმაციო მხარდაჭერასა და მედიამონიტორინგს.

“თქვენ უკვე შეგიძლიათ, გაუამხანაგდეთ რომელიმე კოლეგას თუ ის ახორციელებს, მაგალითად, მედიამონიტორინგს, თქვენ კი ორიენტირებული ხართ საინფორმაციო გაშუქებაზე, და უკვე ერთი ფირმის ეგიდით მიიღოთ მონაწილეობა ტენდერში”, – თქვა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნანობაშვილმა.

ბესო ჭელიძე სარეკლამო კომპანია “პრინტარეას” წარმოადგენს. მისი თქმით, კომპანია სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს სახელმწიფო სტრუქტურებს და 3-4 წელია, ტენდერებში იღებს მონაწილეობას. “ამ ცვლილებების შესახებ სააგენტოს საიტისგან ვართ ინფორმირებულები და მივესალმებით. ვფიქრობ, გააუმჯობესებს კომნკურენტულ სიტუაციას ბაზარზე და მიმწოდებელ ორგანიზაციებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და გამორიცხავს გარიგებებს, რაც შეიძლება იყოს მიმწოდებლებს შორის ტენდერის ფასის გაფუჭებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული სიახლეები 1 წლის ან წელიწადნახევრის განმავლობაში კიდევ იმუშავებს, სანამ კვლავ გაჩნდება არაკეთილსინდისიერი ურთიერთობები. “შემდეგ კი მზად ვართ, კიდევ ახალი პლატფორმები გამოვიგონოთ, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე გავხადოთ ეს მოქმედებები და მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი. სახელმწიფომ კი მის მიერ დახარჯული ფულიდან მაქსიმალური შედეგი მიიღოს”, – ამბობს ლევან რაზმაძე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე დღეს, 17 აგვისტოს, შეხვდა მედიაბიზნესის წარმომადგენლებს და აღნიშნულ ცვლილებებზე ესაუბრა. სააგენტოს ცნობით, თავმჯდომარემ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან უკვე გამართა  7 ასეთი შეხვედრა, შემდეგი შეხვედრები კი 31 აგვისტოს (საინჟინრო მომსახურების სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებთან) და 14 სექტემბერს (სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან) გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი