ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს ბათუმში მეჩეთის მშენებლობა და ხელისუფლებისგან იმ ხელშეკრულების გასაჯაროება მოითოვეს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ორგანიზატორები აქციას განმეორებით 28 აპრილს გამართავენ ბათუმში, ხოლო თუკი მათი მოთხოვნების ამის შემდეგაც არ იქნება გათვალისწინებული, ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
აქციაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენელი აჭარაში მურმან დუმბაძე.
“საზოგადოება ითხოვს, გასაჯაროვდეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის ხელმოწერაზე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლებასთან”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ, თუმცა მანამდე აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არავითარ შემთხვევეში არ დაუშვებენ ბათუმში “დამპყრობელი” აბდულ აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობას.
ანალოგიური მოწოდებები დღევანდელ აქციაზეც არაერთხელ გაისმა.
„ამ აქციამ კიდევ ერთხელ გამოხატა ბათუმელთა, აჭარელთა და საქართველოს მოქალაქეთა სულისკვეთება, იმის შესახებ, რომ უცხო სახელმწიფო თავს არ უნდა ახვევდეს ჩემს სახელმწიფოს თავის პოლიტიკურ მიზნებს და არ უნდა ავალებდეს და აიძულებდეს მას დამპყრობელი სულთნის სახელობის რაიმე ნაგებობის აშენებას. ამას შეეწინააღმდეგება ყველა საქართველოს მოქალაქე. ჩვენს ხელისუფლებას ეს არ გაუვა. აი, ამის დასტური იყო დღევანდელი თავყრილობა ამ თავსხმა წვიმაში. თუ საჭირო გახდება ასეთი თავყრილობები ბევრი იქნება, მაგრამ იქნებ შეიგნოს ხელისუფლებამ ამ თავყრილობის შემდეგ, დაიხიოს უკან და ჭეშმარიტებას თვალები გაუსწოროს,“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თანათავმჯდომარემ.
„დღეს რაც ხდება აქ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, იმის წინააღმდეგ, რომ არ შეიძლება ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ მიიღო საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე,“ – განაცხადა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ.
„მოვითხოვთ ორი კვირის ვადაში დააფიქსიროს ხელისუფლებამ, რომ არც ერთი დამპყრობლის, არა მარტო აზიზიეს, სახელობის ნაგებობა საქართველოს არც ერთ კუთხეში არ აშენდება. ასევე, გასაჯაროვდეს თურქეთ-საქართველოს შორის გასაიდუმლოებული ხელშეკრულება, ირღვევა კანონი როდესაც ამ ხელშეკრულებას ასაიდუმლოებენ,“ – განაცხადა მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა.
საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, თურქეთის ქართული ძეგლების – ოშკისა და იშხანის– რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში უნდა აშენდეს აზიზიეს მეჩეთი, ხოლო ახალციხეში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარეს ახმედის მეჩეთს. ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო და რამდენიმე საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანება.
საპატრიარქოს პოზიცია ასეთია:
“ვითხოვთ, უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.”
შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებას შორის ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკების დეტალებს გახდის ცნობილს, საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია. კულტურის მინისტრის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება თურქულ მხარესთან არ შეიცვლება და აზიზიეს მეჩეთი აშენდება იქ, სადაც ადგილს გამოყოფს ადგილობრივი [აჭარის] მთავრობა.
დღევანდელი აქცია ბათუმში “წინააღმდეგობის მოძრაობის” ორგანიზებით გაიმართა.
“საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა” 2010 წლის დეკემბერში შეიქმნა “ობიექტივის” ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით თარხან-მოურავის ხელმძღვანელობით. გასული წლის სექტემბრიდან მედია-კავშირ “ობიექტივის” მიერ მომზადებული გადაცემები აჭარის ადგილობრივი ტელევიზიის “25-ე არხის” ეთერით გადაიცემა.