ახალი ამბები

რესპუბლიკელები “ცენტრისტების” აკრძალვის შესახებ სხვა პარტიების სარჩელებს მხარს დაუჭერენ

15 აგვისტო, 2016 • 1419
რესპუბლიკელები “ცენტრისტების” აკრძალვის შესახებ სხვა პარტიების სარჩელებს მხარს დაუჭერენ

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას უკვე მომზადებული აქვს საკონსტიტუციო სარჩელი, სადაც ბედუკაძე-ხაჩიშვილის პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტებისთვის” რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

“ცენტრისტების” წინასაარჩევნო დაპირებებს შეადგენს რუსული ბაზების დაკანონება, რუსული პენსია და საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთისა და საქართვეოს მოქალქეობის მინიჭება.

საპარლამენტო ფრაქციები “ცენტრისტების” აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანის ინიციატივით ცალ-ცალკე გამოვიდნენ:

14 აგვისტოს ეს ინიციატივა გამოთქვა რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ. მოგვიანებით იგივე სურვილი გამოთქვა “ქართულმა ოცნებამ“. გია ვოლსკის განცხადებით, პარტია გამოიყენებდა მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის გაუქმება. 15 აგვისტოს კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ აპირებენ, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 30-მა დეპუტატმა მიმართოს საკონსტიტუციო სასამარლოს იმავე მოთხოვნით.

უსუფაშვილის განცხადებით, “რესპულიკელები” მზად არიან, თითოეული მათგანის სარჩელს მხარი დაუჭირონ და თავიანთი სარჩელიც გადასცენ:

“საკონსტიტუციო სარჩელს, თუ ის იქნება შეტანილი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან, მე მზად ვარ შევუერთდე მას. მე მზად ვარ შევუერთდე, თუ ეს სარჩელი იმავე მოთხოვნით იქნება „ნაციონალების“ მხრიდან გაკეთებული. ჩვენ. „რესპუბლიკელები, მზად ვართ გადავცეთ კოლეგებს ჩვენს მიერ მომზადებული სარჩელი იმისთვის, რომ გამყარდეს ის სარჩელი არგუმენტებით, ფაქტებით და პოზიციებით. ეს არის ჩვენი საერთო საქმე და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ამ ინიციატივებს, მიუხედავად იმისა, ჩვენ რომელ საათზე ვთქვით ეს, რა გავიდა ეთერში, რა არ გავიდა,”- განაცხადა უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

“რესპუბლიკელების” მიერ გამოქვეყნებულ საკონსტიტუციო სარჩელში ვკითხულობთ, რომ  ცენტრისტების” საჯარო განცხადებები და მოწოდებები მათი მიზნების არაკონსტიტუციურობას ადასტურებს:

“საქართველოს კონსტიტუციის 26–ე მუხლის მესამე პუნქტით: „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა , რომლის მიზანია საქართველოსკონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა , ტერიტორიული მთლიანობისდარღვევა , ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას , აღვივებს ეროვნუ , კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“

კონსტიტუციის მითითებული მუხლის სულისკევეთებას იზიარებს საქართველოს ორგანული კანონი „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის მე–5 მუხლით:  „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოსკონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“

ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად, ასეთი პოლიტიკური გაერთიანების არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო არის ერთადერთი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მიზაშეწონილობაზე, ხოლო 36–ე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას.

ზემოთ მოყვანილი სადავო ქმედებებიდან ნათლად იკვეთება, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“  ძირითადი მიზანია რუსეთთან დაახლოება, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაერთიანება, საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მოპოვება და, რაც მთავარია, რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება.

საქართველოს კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ პირველი მუხლის თანახმად, რუსეთი აღიარებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყნად, ხოლო მეორე მუხლი ადგენს ოკუპირებული ტერიტორიებს. ამასთან, საქართველოს პარლამენტის  2013 წლის 7 მარტის #339–2-ის რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას, რომ განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მესამე პუნქტის თანახმად: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირისა და ჩრდილოატლანიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების განსახორციელებლად საქართველოს გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გახდება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს.“  ამავე რეზოლუციის მე–18 პუნქტი უფრო მეტ კონკრეტიზაციას ახდენს: „საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) დამოუკლიდებლობას, ან რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია…“.

საქართველოს მოქალაქეებისათვის მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში ორმაგი მოქალაქეობის შემოღება პენსიის აღების მიზნით არის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის მიყენების ერთ–ერთი საშუალება, რადგან დადასტურებულია ის ფაქტი, რომ რუსეთი სწორედ  რუსეთის მოქალაქეების უფლებების „დაცვის“ საფარქვეშ აწარმოებს საომარ მოქმედებებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან.  აღნიშნულის დადასტურებაა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ფაქტები. კერძოდ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ტელეკომპანია „არ–ტი–ვი –აის“ (RTVI) ეთერში აცხადებს, რომ გორსა და ქუთაისში დაბომბვა მოხდა იმიტომ, რომ მოეშორებინათ ის სამხედრო ბაზები, რომლებიც სარფთხეს შეუქმნიდნენ რუსულ ჯარს და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს (იხ. გადაცემის ჩანაწერი 07:04–08:08 წუთები https://fotogoroda.net/v-dfv3lSvm2ZI ). გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული იქნა კანონი  თავისი მოქალაქეების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაცვის თაობაზე, რაც გულისხმობს სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობასაც. (იხ.http://www.radiotavisupleba.ge/a/1870179.html ).  რუსეთის გაცხადებულ პოლიტიკას ადასტურებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2009 წლის 3 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციაც. (იხ.http://1tv.ge/ge/news/view/2608.html).

ევრაზიულ კავშირში გაერთიანება ცალსახად ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს მიერ პოლიტიკურ კურსს, რომ არ გაწევრიანდეს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას და სახელმწიფოს დამოუკიდებელ განვითარებას.

რუსული სამხედრო ბაზების დამკვიდრების დაპირება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიზანს, დარტყმა მიაყენოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ბაზების ქვეყანაში განთავსება ნიშნავს ოკუპაციად აღიარებაზე უარის თქმას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიოებად აღიარების კანონიერების დადასტურებას, რაც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, უფრო მეტიც, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. სწორედ ამ საფრთხის გამორიცხვის და დაუშვებლობის მიზნით იქნა ხაზგასმული საქართველოს პარლამენტის ზემოთ მითითებულ რეზოლუციაში ის, რომ საქართველოს არ შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობაც კი ჰქონდეს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. რუსეთი ის გამონაკლისი სახელმწიფოა, რომელმაც ევროკავშირისა და ნატოსგან განსხვავებით,  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა,”- ვკითხულობთ სარჩელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი