ახალი ამბები

კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოს ბედუკაძის პარტიის საქმიანობის ასაკრძალად მიმართავს

14 აგვისტო, 2016 • 1306
კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოს ბედუკაძის პარტიის საქმიანობის ასაკრძალად მიმართავს

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია დეპუტატებს მოუწოდებს, მის ინიციატივას შეუერთდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს ლადო ბედუკაძის პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ.  ამის შესახებ დღეს, 14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

” მე, როგორც პარლამენტის წევრი და ფრაქცია „რესპუბლიკელების წარმომადგენელი, ფრაქციის სახელით გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე–19 მუხლის „გ“ პუნქტისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 35–ე და 36–ე მუხლების შესაბამისად, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. მოვუწოდებ ჩემს კოლეგა პარლამენტის წევრებს, შემოგვიერთდნენ სარჩელის მომზადებაში, ან შემოურთდნენ ჩვენს მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს. კონსტიტუციური სარჩელის შესატანად საჭიროა პარლამენტის წევრთა 1/5–ის (30 პარლამენტარი) მიერ სარჩელის წარდგენა. შესაბამისად, ველოდებით გამოხმაურებას პარლამენტის წევრებისაგან,”- განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

“რესპუბლიკელები” მიიჩნევენ, რომ ლადო ბედუკაძის პარტიის დაპირება რუსული ბაზების განთავსების და 400-ლარიანი „რუსული პენსიის“ შესახებ კონსტიტუციისა და საქრთველოს კანონმდებლობის ნორმების დარღვევაა:

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული განაცხადი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის  ნორმას, ასევე, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებს. ჩვენ, რესპუბლიკურ პარტიისა და „ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, ამ პარტიის დაპირება არის კონსტიტუციისა და საქრთველოს კანონმდებლობის მითითებული ნორმების დარღვევა, თუ არაფერს ვიტყვით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაზე, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლაში.”

თამარ კორძაიას განცხადებით, ყველა არაკეთილმოსურნემ უნდა გაიაზროს, რომ მოქალაქეები არ დაუშვებენ ქვეყნის ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური კურსისათვის საფრთხის შექმნის მცდელობას:

“დღეს არის 14 აგვისტო, აფხაზეთში ომის დაწყების დღე! ჩემთვის, აფხაზეთიდან დევნილისთვის, ისევე, როგორც ყველა იმ ადამიასათვის, რომელიც ჩემსავით გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, განსაკუთრებით მიუღებელია მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჯგუფის არსებობა საქართველოში.   ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ რუსეთის გავლენებისაგან.”

400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” ჰპირდებიან. შესაბამისი ვიდეორგოლი გადის საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში. “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო ვიდეორგოლს ცესკოში გაასაჩივრებს.

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი