ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე ლალი მოროშკინა დაკითხეს

13 აგვისტო, 2016 • 1284
ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე ლალი მოროშკინა დაკითხეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიებამ დღეს, 13 აგვისტოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა დაკითხა.

როგორც ლალი მოროშკინამ ჟურნალისტებს უთხრა, მას კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს, მოხდა თუ არა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა:

“მე თავიდანვე ვარაუდებზე ვლაპარაკობდი, რომ ვარაუდი უნდა ყოფილიყო დამტკიცებული 2 წლის წინ. ახლაც მგონია, რომ ვარაუდია იმიტომ, რომ არავის არ სჭირდებოდა ასეთი მანიპულაციის ჩატარება, გამოყვანა. ადამიანის დაკითხვა საკანშიც შეიძლება და მგონია, რომ ეს უფრო ფანტაზიის უნარია ნაციონალური მოძრაობის. შესაბამისად, ჩემთან კითხვები ამასთან დაკავშირებით ვერ იქნება. მე მაშინვე ვთქვი, რომ თუ ვარაუდი არსებობს, უნდა გადაწყდეს საქმე”, – უთხრა დღეს ლალი მოროშკინამ ჟურნალისტებს.

საუბარია ვანო მერაბიშვილის მიერ 2013 წლის დეკემბერში გამოთქმულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც  წინასწარ პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილი საკნიდან ღამით უკანონოდ გაიყვანეს მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან  შესახვედრად, რომელიც მერაბიშვილის თქმით, დაშინებით ცდილობდა მისგან ინფორმაციის მოპოვებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და ყოფილ პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის ოფშორულ ანგარიშებზე.  მერაბიშვილის დაუდასტურებელი ვარაუდით შეხვედრას ასევე ესწრებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი.

მაშინ ამ საქმეზე საქართველოს გამოძიება არ დაუწყია, თუმცა 2016 წელს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ მერაბიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება,  საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა 21 ივნისს გამოძიება დაეწყო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება 2016 წლის 21 ივნისს  333-ე (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების) მუხლით დაიწყო.

საკნიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით თავად ვანო მერაბიშვილი პროკურატურაში 2016 წლის 24 ივნისს დაკითხეს. ვანო მერაბიშვილისა და ლალი მოროშკინას გარდა, უნდა დაკითხონ დიმიტრი დარბაისელი და ყოფილი მთავარი პროკურორი – ოთარ ფარცხალაძე. ჯერჯერობით უცნობია მათი დაკითხვის თარიღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი