დღეს, 24 ივნისს პროკურატურა ვანო მერაბიშვილს მისი საკნიდან გაყვანის საქმეზე ჰკითხავს – ამის შესახებ ნეტგაზეთს მავარ პროკურატურაში განუცხადეს.
მერაბიშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მერაბიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
“ვანო მერაბიშვილი მისცემს ჩვენებას. ეს მან ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც ღია სასამართლო სხდომაზე დეტალებში აღწერა გაყვანის ეპიზოდი. ახლა უკვე დაკითხვის ოქმშიც დაფიქსირდება ყველა ის გარემოებები. რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვადა არ გასდის და ეს საქმე აუცილებად იქნება გამოძიებული,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში შესვლამდე.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება 21 ივნისს დაიწყო. ეს გამოძიება დაიწყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში. სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის მოსამართლეების გადაწყვეტილებაში საუბარია მერაბიშვილის განცხადებებზე, რომ იგი 2014 წელს ციხიდან უკანონოდ გაიყვნეს და მთავარ პროკურორთან მიიყვანეს. მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი დარბაისელი იყო, ხოლო მთავარი პროკურორი – ოთარ ფარცხალაძე. ამის შესახებ მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზეც განაცხადა, თუმცა მაშინ გამოძიება არ დაწყებულა.
“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 21 ივნისს.