ახალი ამბები

აუდიტორია 115: იმის ლეგიტიმაცია მოგვთხოვეს, რის წინააღმდეგაც დავიწყეთ ბრძოლა

12 აგვისტო, 2016 • 1559
აუდიტორია 115:  იმის ლეგიტიმაცია მოგვთხოვეს, რის წინააღმდეგაც დავიწყეთ ბრძოლა

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ჟურნალ „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ აუდიტორიამ მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე მოთხოვნები შეცვალა, – მათმა ნაწილმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში  45-ე მუხლის ცვლილების ნაცვლად 43-ე მუხლის ცვლილება მოითხოვა, რის გამოც დიალოგი ჩაიშალა.

“აუდიტორიელები” აცხადებენ, რომ მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იტყუება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს:

“უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 45-ე მუხლი არეგულირებს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას. აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების თანახმად, ეს მუხლი უნდა გადასულიყო გარდამავალ დებულებებში, რაც ახალი კანონის მიღებამდე შეაჩერებდა სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობას”, – წერენ სტუდენტები.

მათი განცხადებით, ბოლოს წინა შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მუხლი გადავიდოდა გარდამავალ დებულებებში იმ პირობით, თუ სტუდენტები კანონის მიღებამდე სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან ფინანსებთან ექსკლუზიურ წვდომას დათანხმდებოდნენ.

“ბუნებრივია, ეს პირობა ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგანაც მინისტრმა იმის ლეგიტიმაცია მოგვთხოვა, რის წინააღმდეგაც დავიწყეთ ბრძოლა”, – წერენ სტუდენტური მოძრაობის წევრები.

“ჩვენი პოზიციით, რომ მას შემდეგ, რაც 45-ე მუხლი გადავიდოდა გარდამავალ დებულებებში, სტუდენტური ცხოვრება თავისთავად დაექვემდებარებოდა 43-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს ექნებოდათ თანაბარი წვდომა მატერიალურ რესურსებთან და თანაბარი შესაძლებლობა სტუდენტური გაერთიანების შექმნის. შესაბამისად, პირობა შეცვალა არა აუდიტორია 115-მა, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, როდესაც მან ლეგიტიმაციის მინიჭება მოგვთხოვა ძალადობრივი სტრუქტურის მქონე სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობისთვის”, – აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტური მოძრაობა 11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში უნივერსიტეტებში ცვლილებებზე მომუშავე საერთო სტუდენტურ პლატფორმასაც ეხება:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ თავად უხელმღვანელებდა განათლების ფუნდამენტურ რეფორმასა და სხვა საკითხებზე მომუშავე პლატფორმას, ამის ნაცვლად კი პლატფორმის ხელმძღვანელი აღმოჩნდა ბატონი გია შარვაშიძე, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა, შესაძლოა ჩაერთოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის ბრძოლაში”, – წერენ “აუდიტორია 115”-ის წევრები.

როგორც 10 აგვისტოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, შესაძლოა, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სექტემბერში დაგეგმილ რექტორის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

“115”-ის წევრები მიიჩნევენ, რომ სამუშაო პლატფორმის მიზანი არის არა განათლების რეფორმაზე მუშაობა, არამედ გია შარვაშიძისათვის ლეგიტიმაციის მინიჭება:

“მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ულტიმატუმი წამოგვიყენა, რომ აუცილებლად უნდა დავთანხმებოდით სტუდენტური თვითმმართველობისთვის ექსკლუზიური უფლებების შენარჩუნებას, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი თავი ვერ დავინახეთ ამ სამუშაო ჯგუფში, რის შემდეგაც შეხვედრა დატოვა აუდიტორია 115-ის ყველა წარმომადგენელმა”, – წერენ “აუდიტორიელები”.

სტუდენტური მოძრაობის განცხადებით, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “უღირსი მეთოდებით ცდილობს სტუდენტური მოძრაობის მარგინალიზებას”. ისინი ამბობენ, რომ არ აპირებენ იმ ადამიანთან ურთიერთობას, რომელსაც, მათი თქმით, არ შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი