ახალი ამბები

სანდრო ბრეგაძე: მარგველაშვილს არ შერჩება პრეზიდენტის სავარძელი

9 აგვისტო, 2016 • 1384
სანდრო ბრეგაძე: მარგველაშვილს არ შერჩება პრეზიდენტის სავარძელი

სანდრო ბრეგაძე, საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც ცესკოს მიმართა ქორწინების საკითხზე რეფერდუმის ჩატარების მოთხოვნით, აცხადებს, რომ ისინი არ შეურიგდებიან პრეზიდენტისგან უარს რეფერენდუმის საკითხზე:

“არ შევარჩენთ ამ კაცს ამას, მას არ შერჩება პრეზიდენტის სავარძელი”, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რვიანში”. მან არაკორექტულად მოიხსენია პრეზიდენტი და მას უწოდა იუდა ისკარიოტელი, გამყიდველი და მასხარა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის აქციების ორგანიზებას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ბრეგაძემ განაცხადა, რომ ჯერ ოფიციალურ წერილს დაელოდება პრეზიდენტისგან “და იმ ფურცელს, რომელსაც გამოგვიგზავნიან ეს ჰომოსექსუალების დამცველები უკან გავუგზავნით და შევაჭმევინებთ”.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის არ დანიშნავს რეფერენდუმს ქორწინების საკითხზე.

ცესკომ 30 ივლისს განაცხადა, რომ საინიციატივი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რეფერენდუმის მოწყობის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტს გადაუგზავნეს. გიორგი მარგველაშვილს დოკუმენტების მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაეწყვიტა, დანიშნავდა თუ არა რეფერენდუმს.

სარეფერენდუმო წინადადება შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. ეს წინადადება რეგისტრაციაში ცესკომ 12 ივნისს გაატარა. საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას 200 ათასზე მეტი ხელმოწერა ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი