ახალი ამბები

ვალერი კვარაცხელია ნამგლით ენის ამოჭრით ემუქრება საბჭოთა სიმბოლიკის ამკრძალავებს

4 აგვისტო, 2016 • 2708
ვალერი კვარაცხელია ნამგლით ენის ამოჭრით ემუქრება საბჭოთა სიმბოლიკის ამკრძალავებს

ცესკოში რეგისტრირებული  საარჩევნო სუბიექტის – “კვარაცხელია–სოციალისტების”  და სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია საბჭოთა სიმბოლიკის ამკრძალავი კანონმდებლობის მიმღებ პირებს ემუქრება.

“თქვენ მარტო სურათზე და პლაკატზე კი არ კრძალავთ ჩაქუჩსა და ნამგალს, არამედ ცხოვრებაში კრძალავთ შრომის ძირითად იარაღს. სულელური კანონი მიიღო სულელთა ჯგუფმა. ჩვენ არ გვეშინია თქვენი და ამ კანონის მოქმედების. თქვენ, ვინც მშრომელ ხალხს წაართვით არსებობის უფლება, მაგ ენას ამ ნამგლით ამოგჭრით და მაგ რეგვენ თავებს მაგ ჩაქუჩით გაგიხეთქავთ, ” – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში. ამავე ტელევიზიაში კვარაცხელია ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიცაა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,  ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. თუმცა, დეპუტატი თამარ კორძაია, რომელიც ერთ-ერთი დეპუტატია, ვინც “თავისუფლების ქარტიაში” ცვლილებებზე იმუშავა (სწორედ ეს კანონი კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას პროპაგანდის მიზნით) ამბობს, რომ ის სამართალდამცავებისთვის მიმართვას არ აპირებს:

“ეს არ არის მუქარა, ეს მისი მხრიდან ძალიან სასაცილო ქმედებაა. როგორც ჩანს, აბსოლუტურად სწორად შეგვიტანია ამ კანონში ცვლილებები იმიტომ, რომ კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა აკრძალული უნდა იყოს, ისევე როგორც ფაშისტური, რადგან ეს ერთიდაიგივეა თავისი არსით. ნამდვილად კარგია, როდესაც ვალერი კვარაცხელიასნაირი ადამიანები არათუ უკმაყოფილოები არიან, არამედ იმდენად გამწარებული არიან, რომ ენის მოჭრით გვემუქრებიან. ბარემ ხელებიც დაგვაჭრან, რომ ვერაფერი დავწეროთ,” – ამბობს კორძაია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 56–ე მუხლის შესაბამისად, იკრძალება  ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

თუმცა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ  მედიათავისუფლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უფლება არ გააჩნია არც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და არც სასამართლოს, ამგვარი პრეროგატივა მხოლოდ თავად მაუწყებლის მიერ შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს აქვს მინიჭებული.

კომისია მიმართავს  „მედია კავშირ ობიექტივს“ გაითვალისწინოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობა დაუშვებელია. თუმცა, კომისიის განმარტებით ამ დარღვევისთვის სანქციის გამოყენება მხოლოდ თავად ტელევიზიას შეუძლია:

“დარღვევაზე რეაგირება არც სასამართლოს და არც მარეგულირებელ კომისიას შეუძლია. ამ დარღვევისთვის პირს შეუძლია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. ამ ორგანოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება არც ჩვენთან, არც სასამართლოში. კანონმდებლობით უზრუნველყოფილია მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ის არ საჩივრდება. მაუწყებლის კეთილი ნებაა მოხსნის, თუ არა კვარაცხელიას ეთერიდან,” – აცხადებენ კომისიაში.

სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა 27 ივლისს ბათუმში გაიმართა. ყრილობაზე  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სიმბოლიკა იყო წარმოდგენილი. ამ ყრილობის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შს სამინისტროს მიმართა, კახეთში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება არ დაუშვას. თელავში “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი