ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემის საკითხი განიხილეს

2 აგვისტო, 2016 • 2261
გალში ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემის საკითხი განიხილეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2 აგვისტოს შეხვედრაზე 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა გაგრძელდა.

“ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების  პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას.  დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ გარკვეული სახის იურიდიულ თანამშრომლობას, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს, რაშიდ კანჯი ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა მის დაკავებაზე არ დააკმაყოფილა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები განიხილეს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.

“ქართული მხარის  ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას. აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გრძელდება მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე”,- ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

IPRM -ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა, თუმცა 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა.  გალში შეხვედრები 2016 წლიდან განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი