ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს

23 ივნისი, 2016 • 1293
აფხაზეთში ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურა საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი ავრცელებს.

გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხის პრინციპულობაზე ჟენევის დისკუსიების ბოლო [14-15 ივნისი] რაუნდის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა. პრემიერის თქმით, “ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს მანამ, სანამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით უმოქმედობას იჩენენ”.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის განცხადებით, ისინი თბილისიდან მოელოდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი. მოგვიანებით, აღნიშნული მასალები, ოფიციალური ინფორმაციით, ქართულმა მხარემ აფხაზურს გალში, IPRM-ის ფარგლებში შეხვედრის დროს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი