ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ხიდაშელის და უსუფაშვილის კომენტარები არაადეკვატურია

2 აგვისტო, 2016 • 1990
კვირიკაშვილი: ხიდაშელის და უსუფაშვილის კომენტარები არაადეკვატურია

პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის  და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებები ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე არაადეკვატურია:

“ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა გამიჭირდება. იმიტომ რომ ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო, სამწუხაროდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც ქალბატონი თინა [ხიდაშელი] და ბატონი დავითი [უსუფაშვილი] დაძლევენ ამ ემოციებს ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ”,- განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 2 აგვისტოს გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის ახალ მინისტრთან ლევან იზორიასთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მივიდა. სწორედ პრემიერმა წარუდგინა ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს. იზორია ახალ თანამდებობაზე პირველ აგვისტოს დაინიშნა, რომელიც რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, შს მინისტრის მოადგილე იყო.

თინა ხიდაშელი მისი შემცვლელის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემირ მინისტრმა შეცდომა დაუშვა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დანიშნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას “არასწორ ნაბიჯად” მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც.

თავდაცვის უწყებაში ყოფნისას გიორგი კვირიკაშვილმა იმ ამოცანების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტროს წინაშე დგას. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია ჯარი და სამხედრო უწყება მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს:

“თავდაცვის უწყებაში ძალიან ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით, ამ მიმართულებით დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და, რა თქმა უნდა,  უნდა მოხდეს პრიორიტეტიზაცია იმ რესურსების პირობებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ყველ რესურსი მაქსიმალურად იქნას მიმართული თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმები ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით, ბოლო პერიოდში გაფორმებული მემორანდუმი აშშ-სთან, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლოებებს იძლევა. ბატონი ლევანი ამ მიმართულებით იმუშავებს , რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯარი და სამხედრო უწყება მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული უწყება. ჯარი ამ შემთხვევაში, და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი