ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევანი გაკეთდა სუს-ზე

1 აგვისტო, 2016 • 1813
თინა ხიდაშელი: ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევანი გაკეთდა სუს-ზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის შესახებ შეცდომაა:

“მე ვთვლი, რომ ეს არის შეცდომა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოდის თავდაცვის მინისტრად. ეს არ არის თავსებადი იმ ამბიციებთან და განაცხადთან, რომელიც საქართველოს ამ უწყებასთან მიმართებაში გაკეთებული აქვს.  თავდაცვის სამინისტრო არის ძალიან ღია, საჯარო პოლიტიკური დაწესებულება. ამის გაგების პრობლემა აქვს, როგორც ჩანს, ძალიან ბევრს ქვეყანაში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულება  გვაჩვენა პრემიერ-მინისტრმაც. [….] იმედი მაქვს, რომ  [ლევან იზორია] ორ თვეში ვერ მოახერხებს რამე ისეთის გაფუჭებას  თავდაცვის სამინისტროში, რაც შეუქცევადი გახდება. ეს ძალიან მოკლევადიანი დანიშვნაა და შემდეგ თავდაცვის სამინისტრო დაუბრუნდება ამ 15 თვის განმავლობაში განხორციელებულ აღმასვლის გზას და რეფორმებს”,- განაცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია “მაესტროსთან” საუბრისას.

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 აგვისტოს თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს ლევან იზორია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, შს მინისტრის მოადგილე იყო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ის კანდიდატები – დავით ბაქრაძე, დავით ზალკალიანი და დავით დონდუა, რომლებიც მის შემცვლელად განიხილებოდნენ და ამის შესახებ მედიაში იწერებოდა, ყველა პარამეტრით უკეთესი, თავსებადი და სწორი არჩევანი იქნებოდა, ვიდრე დღევანდელი გადაწყვეტილება.

“სამივე ადამიანი, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი, არიან სწორედ ის ადამიანები რა ტიპის, რა ღირებულებების მატარებელიც შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ნაცვლად  არჩევანი გაკეთდა სუს-ზე. მე დღეს ვხუმრობდი კიდევაც თავდაცვის სამინისტროში “ოდეერი” არ დავანიშნინე თავის დროზე ბატონ იზორიას, სწორედ მთავრობის სხდომაზე ძალიან სერიოზული კამათი გვქონდა და ახლა მთლად ოდეერი მოვიდა მინისტრადთქო. ეს ხუმრობით, მაგრამ, სამწუხაროდ, ესაა რეალობა”.

თინა ხიდაშელი ლევან იზორიას დანიშვნას ფეისბუქის პირად გვერდზეც გამოეხმაურა.  ქეთი ციხელაშვილს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა შემდეგნაირად მიულოცა:

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად 2015 წლის 1 მაისს დანიშნეს და ის საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იყო  რესპუბლიკურმა პარტიამ 27 მარტს  განაცხადა, რომ ისინი დატოვებდნენ კოალიცია “ქართულ ოცნებას” და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. მოგვიანებით 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ორი  მინისტრი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას დატოვებდა. პირველი აგვისტოს თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი