ახალი ამბები

პარტიები წინასაარჩევნო რეკლამის საფასურის წინასწარ გადახდის წესს აპროტესტებენ

1 აგვისტო, 2016 • 1569
პარტიები წინასაარჩევნო რეკლამის საფასურის წინასწარ გადახდის წესს აპროტესტებენ

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია გენერალური აუდიტორის იმ ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმად პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა წინასწარი ანგარიშსწორებით უნდა მოხდეს.

დღეს, 1 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ აქამდე რეკლამის საფასურს ყოველკვირეულად იხდიდნენ, ახალი წესის თანახმად კი, რეკლამის თანხა წინასწარ და მთლიანად უნდა გადაიხადონ. შეხვედრაზე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდიაც იყო მოწვეული, თუმცა ის არ მივიდა:

“წინაასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ეფექტური კამპანიის ჩასატარებლად სჭირდებათ სერიოზული ფინანსური სახსრების მობილიზება, რაც დაკვავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთან. ახალი წესი წარმოადგენს დამატებით ბარიერს პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან ეს წესი პარტიებს უღუდავს შესაძლებლობას, რომ რეკლამის შესყიდვა განახორციელონ მათთვის მოსახერხებელი წესით. ეს გადაწყვეტილება დიდი ფინანსური რესურსების მქონე პარტიებისთვის პრივილიგირებული გარემოს შექმნას ემსახურება,” -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ “ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემორკატიული მოძრაობა”, “ევროპელი დემოკრატები”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “ეროვნული ფორუმი”, “თავისუფალი დემოკრატები”, “თავისუფალი საქართველო”, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”, “ლეიბორისტული პარტია”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “რეფორმატორები”, “საქართველოს აპტრიოტთა ალიანსი”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ტრადიციონალისტთა კავშირი”, “ქართული დასი”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” და ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა.”

პარტიები მოითხოვენ, გადახდის ეს წესი სასწრაფოდ შეიცვალოს:

“ხელისუფლების დავალებით გენერალური აუდიტორი პოლიტიკურ პარტიებსა და რეკლამის შემსრულებლებს შორის შეთანხმებაში ერევა. წინასწარ გადახდის საშუალება ბევრ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს და ეს წესი კვალიფიციურ პარტიებსაც კი შეუქმნის პრობლემებს. წინასწარ გადაიხდიდა თანხას პარტია, არჩევნების დროს, თუ შემდეგ – ეს ყოველთვის ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხი იყო,” – ამბობს გიორგი ახვლედიანი, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საარჩევნო გარემოს აუარესებს.”

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ახალ წესს სასამართლოში გაასაჩივრებენ:

“თავისუფალი დემოკრატები” პარტიებს ვთავაზობთ, სასამართლოში ერთობლივი სარჩელის შეტანას ამ ბრძანების გასაუქმებლად. ახალი წესი არის დისკრიმინაციული, სახელწმიფოს უფლება არ აქვს პარტიასა და კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში ჩაერიოს და განსაზღვროს რეკლამის შესყიდვის წესი. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ გასაჩივრებას და ასევე, სარჩელის უზრუნველყოფად მოვითხოვთ ამ აქტის შეჩერებას საბოლოო განაჩენამდე, ” – ამბობს თამარ კეკენაძე, “თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი