პრაიმტაიმი საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი წევრის [სულ 9 წევრია] ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილის, თამაზ ცაბუტაშვილის, ოთარ სიჭინავას და მერაბ ტურავას წერილს აქვეყნებს, რომლითაც მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავენ. წერილის მიხედვით, მოსამართლეები აპროტესტებენ ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვას, მაშინ, როდესაც უფრო ადრე შესულ საქმეებზე მათი თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“არის საქმეები, რომელზეც უკვე წლებია გასული, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არის საქმეები, რომელთა განხილვაც 2-3 დღეში იწყება, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმეებთან დაკავშირებითაც”, – აცხადებს წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი მოსამართლე მერაბ ტურავა. მან ეს კომენტარი პროკურატურაში გააკეთა, სადაც დაკითხვაზე იმყოფებოდა გიორგი პაპუაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ ამ განცხადებას, ამ მოვლენების ფონზე გადავწყვიტეთ, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს. ასეთი ფონი არასდროს ყოფილა, ძალიან რთულ საქმეებზეც კი მშვიდი და წყნარი ვითარება იყო, იმიტომ, რომ ყველამ ყოველთვის იცის, ეცოდინება, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იქნება. ზოგიერთის განცხადება არაგონივრულ ვადებზე, მინიმუმ, მიუღებელი და გაუგებარია,“- განაცხადა მოსამართლე ოთარ სიჭინავამ რუსთავი 2-თან.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები უფრო სწრაფად ჩაინიშნა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ბატონი თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ. საზოგადოებაში გამოიწვევს ეჭვებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები რატომ განიხილეს უფრო სწრაფად ვიდრე დანარჩენებიო”, – “იმედთან” საუბარში აცხადებს ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი წევრი, რომელც ასევე აწერს ხელს ზემოხსენებულ წერილს.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივლისის განცხადების შემდეგ (რომელშიც მან ისაუბრა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების ირგვლივ) საჭიროდ მიგვაჩნია ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ამ საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა გამორიცხულ იქნეს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია პრაიმტაიმის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
პაპუაშვილისადმი მიწერილ წერილს ხელს არ აწერს სამი მოსამართლე. ერთ-ერთი მათგანი მაია კოპალეიშვილია:
“არის საკითხები, რომელიც შეიძლება წინ წამოწიო, რიგში ჩასვა და ა.შ. მაგრამ ის, რომ ამა თუ იმ საკითხს ე.წ. დაჩქარებული წესით იხილავ, ეს იმავდროულად არ მიანიშნებს მის პოლიტიკურ კონტექსტს. ის მოსამართლე, რომელიც ამა თუ იმ დავას აღიქვამას როგორც პოლიტიკურ კონტექსტს, ეს უკვე საფუძველშივე მცდარია და ამ მოსამართლის მოსაზრებას აზარალებს.”, – აცხადებს კოპალეიშვილი.
თვითონ გიორგი პაპუაშვილი წერილს გაუგებრობით ხსნის და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
“მე იმედი მაქვს, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და არ მოხდება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეფერხება როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა, რომლის მიზანიცაა ადამიანის საკონსტიტუციო უფლებების დაცვა. ადამიანებმა ვიღაცების ხუშტურების საფუძველზე, ფინანსურ პოლიციას თუ პროკურატურას უნდა დელოდონ სანამ ისინი ვიღაცაზე იმოქმედებენ არ იმოქმედებენ, ეს წარმოუდგენელია”, – ამბობს პაპუაშვილი.