ახალი ამბები

რას ნიშნავს, როცა ამომრჩევლების 57% გადაუწყვეტელია

29 ივლისი, 2016 • 1793
რას ნიშნავს, როცა ამომრჩევლების 57% გადაუწყვეტელია

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. 38%-ს გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას,  3% ამ კითხვაზე პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 1 % პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

არჩევნებში მონაწილეობა

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67 %  სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ხოლო 33 % სავარაუდოდ არ მიიღებს.

პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია საგანგაშოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ 57%-ს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული

“საგანგაშოა არა რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ საერთოდ სიტუაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები პოლიტიკურ ელიტას არ ენდობიან, ან თვითონ არ იციან რა უნდათ, ან არავინ ეგულებათ ისეთი, ვისაც დაუეჯრებდნენ. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუ ვინ გაიმარჯვებს,”- ამბობს ნოდია და აღნიშნავს, რომ პასუხი არ აქვს კითხვაზე,  რომელ პარტიას მეტი შანსი აქვს გადაუწყვეტელი ამომრჩევლების გადაბირების.

პოლიტიკის მეცნიერ კორნელი  კაკაჩიას აზრით, ეს მონაცემი ცხადყოფს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ჯერჯერობით ვერ შეძლეს ამომრჩევლებისთვის ისეთი მკაფიო მესიჯების გაგზავნა, რომელიც მეტნაკლებად ასახავდა მათ ინტერესებს:

“ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრი ამ ამომრჩეველს საშუალებას არ აძლევს, რომ გადაწყვეტილება თავიდანვე მიიღონ. ანუ, ეს არ არის ამომრჩეველი, რომელიც იდეოლოგიურ ნიადაგზე იღებს გადაწყვეტილებას, პარტიებიც არ იძლევიან ამის საშუალებას. ეს გაურკვევლობა სავარაუდოდ დიდი ხანი გაგრძელდება, სანამ არჩევნებამდე არ მივალთ.”

კაკაჩიას აზრით, ამ ამომრჩევლების გადაბირება ყველა პარტიას შეუძლია.

“ჩვენ ამ კვლევებით ვხედავთ, რომ ძირითადი პოლტიკური მოთამაშეების პირდაპირი მხარდაჭერა დიდი არ არის.  გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უმრავლესობაშია და მგონია, რომ მესამე ტიპის პარტიებსაც აქვთ გარკვეული შანსი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ 57 პროცენტიდან სავარაუდოდ რაღაც ნაწილი ხელისუფლებითაც უკმაყოფილოა და არც “ნაციონალური მოძრაობა” მოსწონს,”- აღნიშნავს კაკაჩია.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას  დღეს,სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გააცნეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი