ახალი ამბები

გვენეტაძე: დედოლარიზაცია არ არის ხელოვნური პროცესი და არანაირი შეზღუდვები არ იგეგმება

27 ივლისი, 2016 • 1559
გვენეტაძე: დედოლარიზაცია არ არის ხელოვნური პროცესი და არანაირი შეზღუდვები არ იგეგმება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, განცხადებით, დედოლარიზაცია, იგივე ლარიზაცია, ახალი პროცესი არ არის და მასზე საუბარი 2010 წელს დაიწყო.

“დედოლარიზაცია არის ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა – თუ არის სურვილი იმისა, რომ სესხი აღებული იქნას ლარში, იყოს ამის საშუალება, რომ ლარში ხდებოდეს სესხების აღება და ბანკებს სესხების ლარში გაცემის საშუალება ჰქონდეთ”, – თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 27 ივლისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დედოლარიზაციის, იგივე ლარიზაციის, პროცესზე ხშირად იყო ყურადღება გამახვილებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში.

“მაგალითად, 2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-4 მუხლის მიმოხილვის დოკუმენტში ასეთი დამატებაა მოცემული: დოლარიზაცია, რომლის დონე სესხებისა და დეპოზიტებისათვის დაახლოებით 65%-ია, კვლავაც წარმოადგენს ძირითად რისკს ფინანსური სექტორისათვის. 2014 წელს ქვეყნის მიმოხილვის დოკუმენტში ასევე წერია, რომ სესხები უცხოურ ვალუტაში, რომელიც ფიზიკური პირების მთლიანი სესხების დაახლოებით ⅓-ს წარმოადგენს, კვლავაც წარმოადგენს რისკ-ფაქტორს, რაც ხაზს უსვამს დედოლარიზაციის მცდელობის გაგრძელების საჭიროებას”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, დღესდღეობით დოლარიზაცია კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე 2013-2014 წლებში.

“რაც შეეხება იმას, ხომ არ ხდება ხელოვნური, ძალდატანებითი ჩარევა – არავითარ შემთხვევაში. არანაირი შეზღუდვები არ არის და არ იგეგმება. მოსახლეობას, კომპანიებს, შეუძლიათ განათავსონ დეპოზიტები ლარებში, დოლარებში, ან ნებისმიერ ვალუტაში. ლაპარაკია საბაზრო მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე და არანაირად არ არის დაგეგმილი რაიმე ძალდატანებითი ან ხელოვნური პროცესის ჩართვა ამაში”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

“ლარის რესურსზე უნდა მოგახსენოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ბანკებმა გამოუშვეს ლარში დომინირებული ფასიანი ქაღალდები, ჩვენ ამის წახალისებას ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, თუ გადავხედავთ ლიკვიდობას ლარში, საკმაოდ მაღალია. ამავე დროს ხდება ფასიანი ქაღალდები გამოშვება მთავრობის მიერ და მომავალში იგეგმება საპენსიო რეფორმა, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობს ლარის უფრო მეტი რესურსის გაჩენას. ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია არის მიღებული და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით კიდევ მოხდება სხვადასხვა მექანიზმის ამოქმედება, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ლარის რესურსის გაჩენას”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ გაზეთი “რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ფინანსურ სისტემაში მთავარი პრობლემა დოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელია:

“თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს”, – აცხადებს კობა გვენეტაძე.

გაზაფხულზე მცირეხნიანი გამყარების შემდეგ კი ლარის კურსმა ივლისში ისევ დაიწყო გაუფასურება.

წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: არის თუ არა ხელოვნური დედოლარიზაცია გამოსავალი

ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ დედოლარიზაციაზე ხელისუფლების განცხადებებს

მასალების გადაბეჭდვის წესი