ახალი ამბები

არის თუ არა ხელოვნური დედოლარიზაცია გამოსავალი?

22 ივლისი, 2016 • 3430
არის თუ არა ხელოვნური დედოლარიზაცია გამოსავალი?

ეკონომისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წარმომადგენელი ბესო ნამჩავაძე ნეტგაზეთთან საუბრობს დედოლარიზაციის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის გეგმების შესახებ:

დოლარიზაცია და დედოლარიზაცია

დოლარიზაცია ნიშნავს იმას, თუ რა როლს თამაშობს ქვეყანაში უცხოური ვალუტა (დოლარი). დოლარიზაციის დონე ქვეყანაში სხვადასხვანაირად შეიძლება გაიზომოს. ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელია დეპოზიტების და სესხების დოლარიზაცია, ანუ იმის დათვლა, საქართველოს ბანკებში რა პროცენტითაა განთავსებული უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები, ძირითადად საუბარია დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე. დღევანდელი მდგომაროებით გამოდის, რომ იმ ფულის 63%, რაც ქართულ ბანკებში დევს, უცხოურ ვალუტაშია. უცხოურ ვალუტაში ფულს აგროვებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

თუ დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში აქვს, ბანკსაც ურჩევნია, რომ ფული უცხოურ ვალუტაში გაასესხოს, რადგან თავიდან აიცილოს ვალუტის კურსის რყევის რისკი, მაგრამ როდესაც ლარის კურსის რყევა იწყება (დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გამყარების თუ გაუფასურების მიმართულებით), საფინანსო სექტორში გარკვეული რისკები მაინც ჩნდება. თუ ლარის კურსი უფასურდება, ჩნდება რისკი, რომ ხალხმა აღებული ვალი ვეღარ გადაიხადოს და ბანკებს პრობლემა შეექმნებათ. თუ ლარის გამყარების მიმართულებით მიდის პროცესი, ვალს გადაიხდიან, მაგრამ ლარში გაცილებით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს ბანკი. მისთვის ორივე არასასურველია. მას ურჩევნია, რა კურსშიც გასცა, იმ კურსში დაუბრუნდეს.  პრობლემად მიიჩნევენ სწორედ ამას, რომ რადგან საქართველოში სესხების დაახლოებით 65% დოლარშია გაცემული, ლარის კურსის გაუფასურების შედეგად, ერთი მხრივ, მოსახლეობას [ვისაც შემოსავალი ლარში აქვს] გაუჭირდა მისი გადახდა და მძიმე ტვირთად დააწვა დოლარში აღებული სესხი. მეორე მხრივ, საფრთხე შეიქმნა ბანკებისთვისაც, რადგან მოსახლეობას გაუჭირდა სესხის დაფარვა. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ შეამციროს დოლარიზაციის მაჩვენებელი.

დედოლარიზაცია ხელოვნურად თუ ბუნებრივად?

აქ მეორე საკითხია, როგორ შეიძლება დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება. არსებობს ორი გზა: ერთი (რასაც ბოლო წლების ისტორიაც ადასტურებს), რომ თუ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ნორმალური ტემპი აქვს, ეროვნულ ვალუტაზეც იზრდება მოთხოვნა. თუ ლარის კურსი სტაბილურია და, მით უმეტეს, გამყარების ტენდენციაშია, დოლარიზაცია თავისით მცირდება. მაგალითად, 2003 წლის ბოლოს დოლარიზაციის კოეფიციენტი  86% იყო, ხოლო 2008 წელს (აგვისტოს ომამადე) 56%-ზეც ჩამოვიდა. ანუ 5 წელში დოლარიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით შემცირდა. შემდეგ ისევ გაიზარდა ომის და ფინანსური კრიზისის დროს და  2010 წლიდან, როდესაც ლარის კურსი დასტაბილურდა და ეკონომიკაც იზრდებოდა, 72%-დან 56 პროცენტამდე ისევ შემცირდა. ამ მაჩვენებელზე იყო ბოლო წლების განმავლობაში და ზრდა დაიწყო 2014 წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ლარი გაუფასურდა. ფაქტები აჩვენებს, რომ თუ ეკონომიკაში საქმე კარგად მიდის და ლარის კურსის სტაბილურობას შევინარჩუნებთ, არავითარი ხელოვნური ჩარევა საჭირო არაა. დოლარიზაციის შემცირება ბუნებრივად მიიღწევა. მაგრამ ფაქტია, რომ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვერ ვაღწევთ იმისათვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. ასეთ დროს  მოსახლეობას ეროვნული ვალუტის მიმართ ეკარგება ნდობა და დეპოზტები მატულობს დოლარში.

სტაბილური ეკონომიკური ზრდა ყველა მხრივ კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის, მაგრამ რადგან ეს არ გვაქვს, ახლა დაფიქრდნენ და თქვეს: მოდით, მაშინ დოლარიზაციის შემცირებას ხელოვნურად მივაღწიოთო. ეს ნიშავს, რომ რაღაც რეგულაციები უნდა შემოიღონ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი რამდენიმე თვის წინ უკვე გადადგეს, როდესაც დარეზერვების ნორმა დოლარში გაზარდეს. ეს ნიშავს იმას, რომ რა დეპოზიტებიც დოლარში გაქვს, უფრო ნაკლები დოლარის გაცემა შეგიძლია სესხად. შეიძლება კიდევ გაზარდონ დარეზერვების ნორმა. ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, უძრავი ქონება და მანქანები არ უნდა იყიდებოდეს დოლარში და ფასი ლარში უნდა ფიქსირდებოდესო. არ ვიცი, კიდევ რას იზამენ. ისმის რადიკალური იდეებიც, რომ დოლარში სესხი საერთოდ არ გავცეთ და ასე შემდეგ. ამით ხელოვნურად მიაღწევ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ეკონომიკას დააზარალებ. ისედაც ეკონომიკის დაბალი ზრდის ტემპია და თუ ქვეყნის დაკრედიტება შემცირდება, ეკონომიკა კიდევ უფრო დაბალი ტემპით გაიზრდება,  თუ მინუსებში არ წავა საერთოდ. თუ იტყვი, რომ დოლარში სესხი არ გასცე, ზოგადად ქვეყნის დაკრედიტება შემცირდება. დაკრედიტების გარეშე ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენელია. ამიტომ ასეთი ხელოვნური ჩარევით რომ მივაღწიოთ დოლარიზაციის დაბალ მაჩვენებელს, მე არ ვეთანხმები.

შეიძლება გარკვეული მცირე სტიმულები ჩაიდოს, რაც უკვე არის კიდეც: ლარში მოძიებულ დეპოზიტზე დარეზერვების ნორმა 7 პროცენტია და დოლარზე -19. ეს უკვე ანიჭებს უპირატესობას ლარს, რომ სწორედ ეროვნულ ვალუტაში გაიცეს სესხები. ასეთი საკითხები შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო მკაცრი რეგულაციებით ადამიანებს აუკრძალო სახლის გაყიდვა დოლარში… ეს მაინც არ იმუშავებს, ჩემი აზრით. გარიგებები არაოფიციალურად მაინც დოლარზე დაიდება და უფრო გავურთულებთ მოსახლეობას ცხოვრებას. ამასთან, შევამცირებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს და სამაგიეროდ მივიღებთ დედოლარიზაციის უკეთეს რიცხვს, რომელიც ეროვნული ბანკის ანგარიშებში ჩაიწერება. ამის შემდეგ შეგვეძლება  ვთქვათ, რომ უფრო სტაბილურია საფინანსო სექტორი, თუმცა მე ამაშიც არ ვარ დარმწუნებული. ბანკებს თავის მხრივ საკმაოდ დიდი ვალდებულებები აქვთ აღებული. დეპოზიტები მათთვის ნასესხები ფულია და მათ თუ ამ ფულის გადასესხებაში ხელი შეეშლებათ, უფრო მეტად შეექმნება ფინანსურ სტაბილურობას პრობლემები, ვიდრე დღეს, როდესაც დოლარიზაციის კოეფიცინეტი 63%-ია.

არ შეიძლება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი იყოს დოლარიზაციის კოეფიციენტზე სწორება და ამის მიხედვით გადაიდგას ნაბიჯები. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს  ეკონომიკის და მოსახლეობის კეთილდღეობის სწრაფად ზრდა. არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ისეთი, რაც ამას ხელს შეუშლის.

დოლარი ლარით ჩანაცვლდება?

ლარით არ ჩანაცვლდება, ჩემი აზრით. ბანკი ყველას აღარ მისცემს სესხს. დღეს თუ იოლია სესხის აღება, ეს უფრო გართულდება, უფრო მაღალი პროცენტი იქნება. დღესაც რომ მიხვიდე, ბანკი მოგცემს ლარში სესხს, მაგრამ არა გრძელვადიანს… დიდ თანხას დიდი დროით არ მოგცემს, ეს აღარ უღირს, რადგან ეშინია ლარში გაცემა, 10 წლის მერე ლარის კურსი როგორი იქნება, არ იცის და ა.შ.

ისეთ რეგულაციას ვერ მიიღებენ, რომლითაც ბანკს დაავალდებულებენ ლარში სესხის გაცემას. ბანკი არც ერთი სესხის გაცემაზე არაა ვალდებული, ის შეაფასებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. მას ურჩევნია დღეს დოლარში გასცეს სესხი იმიტომ, რომ ბევრი აქვს ეს რესურსი და ლარზე მეტად  დოლარს ენდობა. ამიტომ დოლარში მარტივად გასცემს სესხს. დოლარს ლარი ხელოვნურად ვერ ჩაანაცვლებს. 4-5 წლის შემდეგ, ჩვენ თუ ეკონომიკური ზრდის კარგი ტენდენციები გვექნება, შეიძლება ბუნებრივად ჩაანცვლოს და, ცხადია, ადამიანებსაც ურჩევნიათ ეს. რად უნდა დოლარში სესხი, თუ ლარში აქვს შემოსავალი?! – მაგრამ ვერ იღებს დღეს ლარში სესხებს [იმ პირობებში, რაშიც დოლარს იღებს].


 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ “რეზონანსთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ფინანსურ სისტემაში მთავარი პრობლემა დოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელია.

“თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს”, – აცხადებს კობა გვენეტაძე.

გვენეტაძის განცხადებას დაეთანხმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც 21 ივლისს განაცხადა:

“მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას. დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენთვის, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გაზრდა და გრძელ ვადაში ეროვნული ვალუტის ნდობა. ამისათვის, რა თქმა უნდა, კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგამი,  ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო-ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დემონირებული ობლიგაციების გამოშვება. ამას გარდა, გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, მიმართულია იქითკენ სწორედ, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს ქვეყნის და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ფულად გადარიცხვებზე და ისეთ მუხლებზე, რომლებიც შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის დროს იყოს რყევადი

ამიტომ ამ გრძელვადიანი, კომპლექსური ზომების გატარების გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ უფრო გამყარდება. ამას კიდევ ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელს არის დაგეგმილი, რაც ეროვნული ვალუტის გრძელვალდიანი რესურსის დაგროვებას უწყობს ხელს. ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები არა მარტო განცხადებას და სულისკვეთებას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე მცირეხნიანი გამყარების შემდეგ ლარის კურსმა ივლისში ისევ დაიწყო გაუფასურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი