ახალი ამბებიხელოვნება

დაპირისპირება ოპერის თეატრში – საოპერო გუნდი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება

25 ივლისი, 2016 • 2714
დაპირისპირება ოპერის თეატრში – საოპერო გუნდი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება

ნეპოტიზმი, ერთპიროვნული მმართველობა, არაპროფესიონალიზმი, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა – ეს იმ პრეტენზიების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს თეატრის საოპერო დასის წევრები უყენებენ.

მისი გადადგომის მოთხოვნით კულტურისა და ძეგლთან დაცვის სამნისტროს წინ შეკრებილი დასის წევრები ამ დრომდე არ იშლებიან. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გაჩენილ დაპირისპირებას გამოიძიებენ. მათ უკვე მიიღეს დასისაგან ხელმოწერებით დამოწმებული ოფიციალური მიმართვა სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნით და დავით კინწურაშვილის 8-პუნქტიანი საპასუხო წერილი მათ ბრალდებებზე.

მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, სამინისტრო დაინტერესებულია დაპირისპირების მოგვარებით და ისინი ოპერაში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მხარეებთან შესახვედრად. ბერიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოპერის თეატრში საგამოძიებო სტრუქტურები შევიდნენ.

“რა თქმა უნდა, ეს საქმე უნდა გამოიძიოს იმ უწყებამ, რომლის კონპეტენციაშიც ეს შედის. იმისთვის, რომ სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება გვჭირდება დასაბუთებული და არგუმენტირებული წერილი და საკითხის განხილვა,” – აცხადებს ბერიკაშვილი.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვით გამართული აქცია კულტურის სამინისტროსთან. 25.07.16 ფოტო: ნეტგაზეთი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვით გამართული აქცია კულტურის სამინისტროსთან. 25.07.16 ფოტო: ნეტგაზეთი

დაახლოებით 300-კაციანი დასის 170-მა წევრმა, ხელმოწერით საკუთარი პრეტენზიები სამინისტროს 18 ივლისს გადასცა. როგორც თეატრის მსახიობები აცხადებენ, კიწურაშვილი ერთპიროვნულად გეგმავს თეატრის პროგრამას, აქვს მიკერძოებული საკადრო პოლიტიკა და ხელოვნულად ქმნის ურთიერთდაპირისპირებებს თანამშრომლებს შორის. თეატრის დასის წევრებს ასევე, ეჭვი შეაქვთ სამხატვრო ხელმძღვანელის ფინანსურ საქმიანობაში, რასაც დავით კინწურაშვილი უარყოფს. როგორც მსახიობები აცხადებენ, ის ამბობს, რომ თეატრში ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ფლობდა.

ოპერის დასის წევრებმა პრეტენზიებზე პასუხი სამინისტროსაგან დღემდე ვერ მიიღეს და ამიტომ აქციის გამართვა გადაწვიტეს. თუმცა დღესვე გაირკვა, რომ წერილი არასრულყოფილიყო იყო და ის ხელმოწერების იდენტიფიცირებისა და გამართული ფორმით შესადგენად კვლავ დასს დაუბრუნდა. მისი სრულყოფა მომჩივანმა მხარემ ეკა გელაშვილს დაავალა, მაგრამ გელაშვილმა წერილი სამინისტროს არ ჩააბარა და არც დასის წევრებს აცნობა ამის შესახებ. წერილი აქციაზე მოგვიანებით მოიტანეს და სამინისტროში დატოვეს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვით გამართული აქცია კულტურის სამინისტროსთან. 25.07.16 ფოტო: ნეტგაზეთი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვით გამართული აქცია კულტურის სამინისტროსთან. 25.07.16 ფოტო: ნეტგაზეთი

22 ივლისს, დავით კინწურაშვილმა სამინისტროს თეატრის დასის საპასუხო წერილი გადასცა, რომელიც მოგვიანებით, სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვა. კინწურაშვილი უარყოფს მის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კი ისიც განაცხადა, რომ თეარტში გაჩენილი დაპირისპირების უკან სხვა საოპერო მომღერლები, მათ შორის თამარ ივერი და ანიტა რაჭველიშვილი დგანან, რომლებიც მისი მისამართით განცხადებებს სოციალურ ქსელში აკეთებენ.

“ნებისიერი კონტრარგუმენტი, რომელსაც ის წარმოადგენს არის მიუღებელი ჩვენთვის. მისი მართვის უუნარობა თვალნათლივ გამოჩნდა მისივე წერილში. მას არამხოლოდ დასთან აქვს პრობლემები, არამედ ადმინისტრაციაში. თუ აღიარებს, რომ არსებობდა ეს კონფლიქტები, ეს ფინანსური დარღვევევი რას ელოდა ამდენი ხანი? ან დასისთვის მიემართა და ეთქვა, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, ან სამინისტროსთვის ეცნობებინა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და თავის გადარჩენის საშუალება,” – აცხადებს ლელა მჭედლიძე, ოპერის თეატრის ორკესტრის მთავარი კონცერტმაისტერი.

დასის წევრები აცხადებენ, რომ დაპირისპირება კინწურაშვილის თეატრში გამოჩენიდან 1 თვის შემდეგ დაიწყო და სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებები პროვოკაციების შესახებ, ასევე მის მიერ თამარ ივერისა და სხვა მომღერლების მისამართით გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

დასის წევრები ასევე, საუბრობენ იმ საარჩევნო დაპირებებზე, რომლებიც კინწურაშვილმა 2014 წელს, მისი სამხატვრო ხელმძღვანელად არჩევის დროს გასცა:

“ის გვპირდებოდა, რომ აშენდებოდა სპეციალური ფაბრიკა, რომელიც თეარტს კოსტუმებით, დეკორაციებით მოამარაგებდა, მაგრამ დღემდე როგორც ხედავთ ეს არ განიხილება,” – აცხადებს საოპერო გუნდის მსახიობი ალექსანდრე დეკანოიძე.

როგორც გუნდის წევრები ამბობენ, დღემდე თეატრში პრობლემად რჩება ხელფასების საკითხი და მსახიობებს რამდენიმე ადგილზე მუშაობა უხდებათ, რადგან მატერიალურად უზრუნველყონ ოჯახები.

“რაც საბოლოოდ, აისახება უკვე იმ ნამუშევრების ხარისხზე, რომელსაც თეატრი მაყურებელს სთავაზობს. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც ბალეტის დასს თითქმის ყოველ კვირას პრმეიერა აქვს,” – ამბობს საოპერო გუნდის მსახიობი გიორგი კიკნაძე.

ოპერის გუნდმა გაფიცვა  ჯერ კიდევ 15 ივლისს დაიწყო და კინწურაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ მიზეზით თეატრის სეზონის დახურვა 1 კვირით გადაიდო.  დასის წევრები მათი მოთხოვნების გაუთვლისწინებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი