ახალი ამბები

ქუმსიშვილი: თურქეთში დარჩენილ ქართულ 2 ანსამბლს სტამბულში დავაბინავებთ

16 ივლისი, 2016 • 1375
ქუმსიშვილი: თურქეთში დარჩენილ ქართულ 2 ანსამბლს სტამბულში დავაბინავებთ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თურქეთში დარჩენილ ქართულ 2 ქორეოგრაფიულ ანსამბლს საკონსულო საქართველოში გამომგზავრებამდე სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, თურქეთის მხარესთან მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

“რა ინფორმაციაც მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ორ ქართულ ანსამბლთან ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში სამშობლოში გამომგზავრებამდე,”- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივლისს თურქეთში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე გადაკეტილია სტამბულის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზები. აღნიშნულის გამო 16 ივლისის ღამეს, ბულგარეთიდან, თურქეთის გავლით, საქართველოში მომავალ ავტობუსს, რომელშიც იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები და ანსამბლის ხელმძღვანელობა, სტამბულიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით მოუწია გაჩერება.

“თურქეთში ვითარების დასტაბილურების შემდეგ მოხდა ქ. სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზების გახსნა, რის შესახებაც ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ აცნობა ავტობუსში მყოფებს. ამჟამად ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით,” – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი