ახალი ამბები

თსუ-ს სენატის არჩევნებში “აუდიტორია 115”-ის მხარდაჭერილმა ოთხმა კანდიდატმა გაიმარჯვა

15 ივლისი, 2016 • 3872
თსუ-ს სენატის არჩევნებში “აუდიტორია 115”-ის მხარდაჭერილმა ოთხმა კანდიდატმა გაიმარჯვა

“აუდიტორია 115”-ის ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს, სენატის, არჩევნებში სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერილმა ექვსმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა ოთხმა კანდიდატმა გაიმარჯვა:

“ჩვენ მიერ მხარდაჭერილი 6 კანდიდატიდან 4-მა მოახერხა გამარჯვება, მათ შორის 3-მა თავის ფაკულტეტზე პირველი ადგილი დაიკავა. თორნიკე შევარდნაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;  გიორგი ჯავახაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;  ლადო შუბითიძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;  ანანო ბასილაია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. მიმდინარე არჩევნებზე, სტუდენტთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, იურიდიულ და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე, სენატის მანდატების გამოთავისუფლებისთანავე, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები, თორნიკე გერლიანი და მარიამ ბაღდავაძე, ხელახლა წარადგენენ საკუთარ კანდიდატურებს. მომავალში, მაღალი აქტივობის დაფიქსირების შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ, რომ აუდიტორია 115 გაცილებით დიდი წარმომადგენლობის მოპოვებას მოახერხებს. თვითმმართველობამ 12-იდან მხოლოდ 6 კანდიდატის გაყვანა მოახერხა”- აღნიშნულია სტუდენტური გაერთიანების გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამომრჩევლებს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 33 წევრი უნდა აერჩიათ. თსუ-ის ცნობით, დარეგისტრირებული იყო 45 კანდიდატი, მათგან 21 სტუდენტია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს, სენატის არჩევნები დღეს, 15 ივლისს, გაიმართა. არჩევნები 10 საათზე დაიწყო და 17 საათამდე გაგრძელდა.

წარმომადგენლობითი საბჭო – სენატი – მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დამუშავებასა და დამტკიცებაში, განიხილავს და განკარგავს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს. სწორედ სენატი ამტკიცებს უნივერსიტეტის კანცლერს (ადმინისტრაციის ხელმძღვანელს) და მონაწილეობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამდებობაზე კანდიდატების დანიშვნაში.

სენატის არჩენვებში მონაწილეობენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც.

არჩევნები შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – VI კორპუსი, აუდიტორია №208ა
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – I კორპუსი, აუდიტორია №212
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – XI კორპუსი, აუდიტორია №301
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – უნივერსიტეტის ქ. №2, X კორპუსი, აუდიტორია №206
  • იურიდიული ფაკულტეტი – II კორპუსი, აუდიტორია №135
  • მედიცინის ფაკულტეტი – ბელიაშვილის №78 (ჯავახიშვილის №2), IV სართული, აუდიტორია №401
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – უნივერსიტეტის ქუჩა №2, X კორპუსი, Oსართული, აუდიტორია №103

 

მასალების გადაბეჭდვის წესი