ახალი ამბები

თსუ-ში სენატის არჩევნები მიმდინარეობს

15 ივლისი, 2016 • 2561
თსუ-ში სენატის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 15 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამომრჩევლებმა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 33 წევრი უნდა აირჩიონ. თსუ-ის ცნობით, დარეგისტრირებულია 45 კანდიდატი, მათგან 21 სტუდენტია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს, სენატის არჩევნები დღეს, 15 ივლისს, მიმდინარეობს. არჩევნები 10 საათზე დაიწყო და 17 საათამდე გაგრძელდება.

წარმომადგენლობითი საბჭო – სენატი – მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დამუშავებასა და დამტკიცებაში, განიხილავს და განკარგავს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს. სწორედ სენატი ამტკიცებს უნივერსიტეტის კანცლერს (ადმინისტრაციის ხელმძღვანელს) და მონაწილეობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამდებობაზე კანდიდატების დანიშვნაში.

სენატის არჩენვებში მონაწილეობენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც.

არჩევნები შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – VI კორპუსი, აუდიტორია №208ა
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – I კორპუსი, აუდიტორია №212
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – XI კორპუსი, აუდიტორია №301
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – უნივერსიტეტის ქ. №2, X კორპუსი, აუდიტორია №206
  • იურიდიული ფაკულტეტი – II კორპუსი, აუდიტორია №135
  • მედიცინის ფაკულტეტი – ბელიაშვილის №78 (ჯავახიშვილის №2), IV სართული, აუდიტორია №401
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – უნივერსიტეტის ქუჩა №2, X კორპუსი, Oსართული, აუდიტორია №103

თსუ-ის პრესსამსახურის ცნობით, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შედეგები დღეს საღამოს, 11 საათისათვის იქნება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი