ახალი ამბები

პანეტამ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა

24 თებერვალი, 2012 •
პანეტამ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ბაჩო ახალაიასა და გარდაცვლილი  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მიუსამძიმრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტასა  და საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას  შორის  სატელეფონო საუბარი შედგა.

პანეტამ ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში 21 თებერვალს სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო.

თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცობას და პროფესიონალიზმს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების  თავდაცვის მდივანს თანადგომისთვის  და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც  აშშ-ს დელეგაციამ  დოქტორ  სელესტ ვალანდერის   საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გამოხატა.  

შეგახსენებთ, 21 თებერვალს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს  სამი ქართველი სამხედრო: კაპრალები  ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე  და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას უკვე თხუთმეტი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი