ახალი ამბები

ჩუგოშვილი: ვეფხვაძის კანონპროექტი ძალიან პრობლემურია

22 თებერვალი, 2012 •
ჩუგოშვილი: ვეფხვაძის კანონპროექტი ძალიან პრობლემურია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანაზე ძალიან პრობლემურად მიიჩნევს.

შესაბამისად, ეს კანონპროექტი ამგვარი ფორმით არასამთავრობოებისგან მხარდაჭერილი არ იქნება.

ჩუგოშვილის განმარტებით, ბევრი საკითხი, რომელზეც მთელი ეს პერიოდი არასამთავრობოები ამახვილებენ ყურადღებას, მის კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის და ცალკეულ შემთხვევაში გაუარესებულიც კი არის.  

“რა ვერსიაც არის შემოთავაზებული, საკმაოდ პრობლემურია. ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საერთოდ არ არის ამ წინადადებაში  და მეორე მხრივ, პარტიასთან დაკავშირებული პირის მცნება, ვფიქრობ, რომ გაუარესებულიც კი არის აღნიშნულ კანონპროექტში,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, არასამთავრობოები დღეს აპირებენ ამ საკითხზე შეხვედრას ლევან ვეფხვაძესთან.

“ამ შეხვედრაზე ვნახავთ, რამდენად დარწმუნებულები არიან ისინი, რომ სწორი პოზიცია არის იმ კანონპროექტის მხარდაჭერა, რისი ინიცირებაც მათ გააკეთეს და შესაბამის განცხადებას გავავრცელებთ ამ შეხვედრის მერე. ჯერჯერობით, სანამ შეხვედრა არ იქნება, დამატებითი კომენტარებისგან თავს ვიკავებთ. ვიმეორებ, რომ ერთ–ერთი მთავარი თემა ნამდვილად არის პარტიასთან დაკავშირებული პირების თემა. რატომღაც ისე გამოვიდა, რომ უარესი ვერსია მივიღეთ, ვიდრე ის, რაც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო,” – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

“ნეტგაზეთთან” საუბარში კანონპროექტის ავტორმა ლევან ვეფხვაძემ არ გამორიცხა ის, რომ გარკვეული ჩასწორებები არასამთავრობოებთან კონსულტაციების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

“ეს კანონპროექტი მე დამოუკიდებლად მოვამზადე, რაღაცეები მსგავსია არასამთავრობოების პოზიციის, რაღაცეები- განსხვავებული. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დამატება კიდევ შევიდეს ამ კანონპროექტში. თუ რაიმე პრინციპული საკითხი იქნება დასამატებელი არასამთავრობოების ჩათვლით, დავამატებთ, ხოლო რაც შესაცვლელია, მზად ვართ, მათთან შეთანხმებით შევცვალოთ,” – განაცხადა ვეფხვაძემ.

ლევან ვეფხვაძის კანონპროექტში საკმაოდ მცირე ყურადღება აქვს დათმობილი 261 მუხლს, რაც არასამთავრობოების მხრიდან შეშფოთების ერთ–ერთი მიზეზია.  ამ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი ნორმების ბუნდოვანებასა და დაკავშირებული პირის მცნების ზუსტ განსაზღვრაზე.  

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, იქ საკმაოდ ნათლად არის განმარტებული პოზიცია და 261 მუხლის შეცვლის მიზეზი. არასამთავრობოები მიიჩნევენ, არსებული ნორმები ცხადყოფს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განცხადება ან პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის მიზნით გაკეთებულ მოწოდება მიიჩნევა საკმარის საფუძვლად, პირი დაექვემდებაროს მნიშვნელოვან შეზღუდვებს,  რაც არღვევს გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას.    
არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2012 წლის 17 თებერვალს კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი