ახალი ამბები

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა

13 ივლისი, 2016 • 2477
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა  მცხეთის ისტორიული  ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.  გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40  სესიაზე მიიღეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სააგენტოს თანამშრომლები.

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ. კომიტეტის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დეტალურ ანგარიშს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართულებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაციები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან (ICOMOS, ICC ROM),  რომლებიც გააგრძელებენ საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათ შორის მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო  სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული ქმედებებისა  და საერთაშორისო ვალდებულებების უგულელყოფის გამო 2009 წლიდან  საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი