ბოლო 10 დღის განმავლობაში საგურამო ორჯერ დააზარალა უხვმა ნალექმა – ცენტრალური და შიდა გზები დაიტბორა, ეზოებში ნიაღვარი შევარდა, შენობების საძირკვლებში წყალი ჩადგა, ნარგავები დაისეტყვა, ელექტროენერგია გაითიშა. მეტიც, თბილისის მნიშვნელოვან ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა. რამ და როგორ გამოიწვია ეს პროცესები?
ზოგადი გეოგრაფია
საგურამოს დასახლება ძირითადად საგურამოს ქედზე, ზედაზნის მთის ფერდობზეა შეფენილი.
სოფლის ძირითადი გზა, – წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზა, რომელიც მთავარი ავტობანიდან საგურამოში შედის, – დასახლებას ორ ნაწილად ჰყოფს.

სახლების უმრავლესობა გზის მარჯვენა მხარეს [აღმოსავლეთით] ექცევა. გზის დასავლეთით რელიეფი დახრას ინარჩუნებს.
ამასთან, საგურამოს დასახლების დასავლეთით, სულ რამდენიმე კმ-ში (ნატახტარსა და საგურამოს შორის), მდებარეობს ნაწილი წყლის რეზერვუარებისა, რომლითაც, გარდა საგურამოსა და მიმდებარე სოფლებისა, თბილისი მარაგდება.
ახლოს არის საგურამოს სათავე ნაგებობაც, რომლის წყალსადენითაც ხდება მიმდებარე დასახლებებისა და თბილისის წყალმომარაგება.

მუქ მწვანე ფერში მონიშნულია ზედაზნის მთა და საგურამოს მიმდებარე ტერიტორია. რაც უფრო მუქი მწვანეა ტერიტორია, მით უფრო მაღალზეა ზღვის დონიდან. რუკის თანახმად, მთის სიმაღლე უმაღლესი, დაახლოებით 1200 სიმაღლის წერტილიდან თანდათანობით, 600 მეტრამდე მცირდება, რასაც მწვანე ფერის გაღიავება ასახავს.
უხვი ნალექი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ორჯერ, 7 და 13 ივნისს, მოვიდა ძლიერი წვიმა და სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საგურამოსთან ყველაზე ახლომდებარე ნალექმზომის თანახმად, რომელიც ველუბანში, გლდანის ხევის აუზშია განთავსებული, 7 ივნისს, დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში, 55 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც დიდი მაჩვენებელია.
„აქ იგულისხმება აღნიშნული სადგურის მონაცემები, ხოლო ეპიცენტრში, – საგურამოს ქედზე, ზედაზნის მთაზე, – ჩვენი ვარაუდით, ნალექის ოდენობა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი იქნებოდა“, – ამბობს იგი.
რა მოხდა?
ირაკლი მეგრელაძის თქმით, ადგილი ჰქონდა როგორც პლუვიალურ, ასევე ფლუვიალურ პროცესებს.
უხეში განმარტებით, პლუვიალური პროცესები გულისხმობს ისეთ წყალდიდობას, რომელიც უკავშირდება სადრანეჟე სისტემების გადატვირთულობას და დასახლებაში წყლის დონის მომატებას, ხოლო ფლუვიალური წყალდიდობა დაკავშირებულია უხვი ნალექის შედეგად მდინარის ადიდებასთან.

„ნიაღვრისგან რომ გავმიჯნოთ, აქ იყო ფლუვიალური პროცესებიც. აქ იგულისხმება ტიპური, ხეობებიდან წამოსული წყალმოვარდნები- კერძოდ, ადიდებული ხეობები, რომლებიც არის მდინარე თეზამის მარცხენა შენაკადები და მდებარეობს საგურამოს და მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი სათავეს იღებს საგურამოს ქედის ჩრდილოეთ კალთებიდან და შემდეგ უერთდებიან მდინარე თეზამს. სწორედ ამ ხევებმა შექმნა ეს პრობლემები, იმიტომ, რომ ეს ხევები ადიდდა“, – ამბობს მეგრელაძე.
„როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა. ამასთან, თვითონ [აღნიშნულ ხევებს] არც ისე დიდი წყალშემკრები აუზი აქვს. თუმცა ფაქტმა, რომ ტერიტორია გატყიანებულია, დადებითად იმოქმედა და ამას ნალექის შემაკავებელი ფაქტორი ჰქონდა. აქედანაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რამდენად დიდი ნალექი მოვიდა, რომ ქვაფენილ ზედაპირზე სწრაფი ტრანსფორმირება განიცადა და წყალმოვარდნის სახით ჩამოყალიბდა“.

გზის გაწმენდითი სამუშაოები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, ზედაზნის მთიდან მრავალი ხევი ჩამოდის [რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომ რუკებზე, მათ შორის google earth–ის რუკაზე არ ჩანს]; ამასთან, ისიც, რამაც საგურამო და მისი მთავარი გზა დააზიანა, ხევის მდინარე იყო.
„იმის გათვალისწინებით, რომ საგურამოს რელიეფი ასეთია, – შეფენილია ფერდობზე, ხოლო სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ადგას დიდი მთა, საგურამოს ქედი, – იქიდან მომავალი, დახრილი ხევები მოედინება საგურამოში, გვერდითა სოფლებში: ახალსოფელში, არაშენდასა და სხვა სოფლებში. ბუნებრივი დახრილობა, მიმართულება ასე აქვს ამ ხევებს, ჩრდილოეთით მიდის და ურტყამს პირდაპირ ამ სოფლებს“, – გვეუბნება ირაკლი მეგრელაძე.
„შეუსაბამო ინფრასტრუქტურა“
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ხდება, ჩემი აზრით, ნამდვილად არის ჭარბი ნალექის გამო. მართლაც ძალიან დიდი რაოდენობით ჭარბი ნალექი მოვიდა გასულ წლებთან შედარებით. პირადად მეც, მაგალითად, ეგეთი სტიქია არ მახსოვს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ უხვ ნალექს დაემატა არასათანადო და არასრულყოფილი სანიაღვრე და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა, რამაც შეუწყო ხელი, რომ სტიქიას კიდევ უფრო რთული ფორმა მიეღო“, – გვეუბნება შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრია ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“.

მცირე სანიაღვრე წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის გზაზე
შალვა კერესელიძის თქმით, ჭარბ ნალექს შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს მოწყობილი, რათა გაატაროს. საგურამოს შემთხვევაში კი ეს ასე არ არის:
„სანიაღვრე რაღაც შემთხვევაში გასაწმენდია, რაღაც შემთხვევაში არ არსებობს, რაღაც შემთხვევაში დაბალი გამტარიანობის არის და ა.შ. ბუნებრივია, ეს პრობლემას წარმოქმნის“, – ამბობს იგი.

გაჭედილი სანიაღვრე საგურამოში, წიწამური-ცხვარიჭამიის გზის პარალელურ ქუჩაზე. ფოტო: ლუკა პერტაია
საგურამო, სულ მცირე, ბოლო 10 წელიწადია, ინტენსიურად ვითარდება, როგორც პოპულარული სააგარაკე სივრცე. შალვა კერესელიძეც ამბობს:
„ძალიან აქტიურად ვითარდება საგურამოს მიმართულება, თავისი აგარაკებით, სასტუმროებით და ა.შ.. თუმცა ამ განვითარებასა და გადატვირთულ მშენებლობას შესაბამის ტემპში ვერ ეწევა ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება“.
„ვერანაირი სანიაღვრე ვერ გაუძლებს“
მცხეთის მერის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარმომადგენელი საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთარ ბიჩნიგაური „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საგურამოში ორივეჯერ უხვი ნალექი მოვიდა და სანიაღვრე სისტემის გამართულობა არაფერ შუაშია:
„სანიაღვრეები, ყველაფერი არის, მაგრამ იმდენად უხვი ნალექი იყო, რომ ვერ გაუძლო სანიაღვრეებმა. სანიაღვრეები დაახლოებით ორი წლის მოწყობილია გზის ორივე მხარეს. უბრალოდ იმხელა ნალექი იყო, რომ ვერ დაიტია. ვერანაირი სანიაღვრე ვერ დაიტევდა ამას. ასეთი ნალექი საგურამოში არასდროს ყოფილა. ერთი საათი იყო სეტყვა, წარმოიდგინეთ“, – ამბობს ბიჩნიგაური.

სანიაღვრეები, რაზეც ოთარ ბიჩნიგაური მიუთითებს, საგურამოში 2018 წელს მოეწყო მუნიციპალიტეტის დაკვეთით. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დასრულდა და შეასრულდა ინდმეწარმე კახაბერ სტეფნაძემ.
ამას გარდა, შალვა კერესელიძის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააკეთა წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის გზა, იმავე სამუშაოების ფარგლებში სანიაღვრეებიც მოაწყო, თუმცა საჭიროა კომპლექსური მიდგომა:
„ეს არის ცენტრალური ტრასა და აქეთ-იქით, როგორც ყველა ტრასას, სანიაღვრეები სჭირდება, რაც გააკეთა გზების დეპარტამენტმა. მაგრამ ის, რომ მანდ პარალელურად მთელი დასახლების სანიაღვრე სისტემა ყოფილიყო ჩართული ამ ქსელში, მოწესრიგებულიყო ყველაფერი, ეგეთი რამე არ მომხდარა. მარტო ეს ვერ უშველის, მთლიანად უნდა იყოს კომპლექსურად გაკეთებული თითოეული უბნის მიხედვით სანიაღვრე სისტემა, რომელიც განაწილდება და შეუერთდება ცენტრალურ საკანალიზაციო თუ სანიაღვრე არხებს, რათა ასეთი ჭარბი ნალექის დროს გაატაროს ამდენი წყალი“, – ამბობს კერესელიძე.

საგურამოს მთავარი გზა, სოფლის ცენტრი. არსებული სანიაღვრე, რაც ფოტოზე ჩანს, მცირე რაოდენობით წყალს ატარებს.
„ბუნებრივი სანიაღვრეები მოშლილია“
თეა გოდოლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მართალია, დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა, თუმცა მომხდარს ბუნებრივი სანიაღვრეების მოშლას.

„საგურამოში ძალიან დიდი ტემპით მიდის განაშენიანება. რეალურად, იქ არასწორად ხდება სამშენებლო პროცედურების წარმართვა. რატომღაც ჰგონიათ, რომ ბუნებრივი სანიაღვრეები არ ასრულებს არავითარ როლს. ეს ასე არ არის. როდესაც დიდი წვიმები მოდის, ამ ბუნებრივ სანიაღვრეებს გარემო აკეთებს თავისთვის. როდესაც ამას მოშლი, – იქ სამშენებლო ნარჩენებს ყრი, ბუნებრივ სანიაღვრეში სახლს ჩაუდგამ, – წყალი შემოგივა სახლში, ან სანიაღვრეში ჩაყრილი სამშენებლო ნაგავი ჩამოგივა ქვემოთ, თუ, მით უმეტეს, დაქანება აქვს ფერდს“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

საგურამოში წყალდიდობის შემდეგ
ბუნებრივი სანიაღვრეები, მისი თქმით, ყოველთვის არ არის წყლით დაფარული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ წყალი არ გაჩნდება:
„იქ რომ ამწუთას წყალი არ ჩამოდის და მდინარე არ მოდის, არ ნიშნავს, რომ წყალი არ ყოფილა. როცა ვახსენებთ მშრალ ხევებს, მშრალი იმიტომაა, რომ დღეს არ არის წყალი. მაგრამ ბევრი წვიმის დროს, როცა უხვი ნალექია, ეს არის ბუნებრივი სანიაღვრე, რომელიც ბუნებრივ სისტემას კომპლექსურად აქვს ჩამოყალიბებული. ეს არის ბუნებრივი სანიაღვრეები. თქვენ რომ მიხვალთ და ამ მორფოლოგიას, ბუნებრივ ლანდშაფტს შლით, ჭკვიანურად უნდა მოშალოთ. და ეს ჭკვიანურად მოშლა ხანდახან არ გამოდის. მათ შორის, არც საგურამოს მაგალითზე“, – ამბობს იგი.







