ახალი ამბები

აუდიტორია #115-მა თსუ-ს სენატის წევრობის კანდიდატი სტუდენტები წარადგინა

11 ივლისი, 2016 • 1421
აუდიტორია #115-მა თსუ-ს სენატის წევრობის კანდიდატი სტუდენტები წარადგინა

სტუდენტურ გაერთიანება “აუდიტორია #115”- ში დღეს ის სტუდენტები წარადგინეს, რომლებიც სტუდენტების მხარდაჭერით 15 ივლისს დაგეგმილ არჩვენებში მიიღებენ მონაწილეობას. უნივერსიტეტმა წარმომადგენლობითი ორგანოს, სენატის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიოს.

წარდგენილი არის 6 სტუდენტის კანდიდატურა:

  1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – თორნიკე შევარდნაძე
  2. იურიდიული ფაკულტეტი – თორნიკე გერლიანი
  3. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტი – მარიამ ბაღდავაძე
  4. ჰუმანიტარული ფაკულტეტი – გიორგი ჯავახაძე
  5. ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი – ლადო შუბითიძე
  6. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – ანანო ბასილაია

დღესვე აუდიტორია 115-ის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა დებატებში გამოიწვიეს ოპონენტი კანდიდატები. ისინი მიიჩნევენ, რომ დებატების გამართვა ხელს შეუწყობს ამომრჩევლის ინფორმირებულ არჩევანს.

“აუდიტორია #115”-ში ასევე უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანების რიგები სტუდენტთა დიდმა ნაწილმა დატოვა. როგორც სტუდენტური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი არობელიძე აცხადებს, “აუდიტორია #115”-დან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი წავიდა, რადგან მათ ორგანიზაცია აღარ ენდობოდა. არობელიძის თქმით, ყოფილი წევრები ახლა გამიზნულად ცდილობენ სტუდენტთა დისკრედიტაციას.

გიორგი არობელიძის თქმით, “აუდიტორია #115”-ის პირველ სამუშაო შეხვედრას დაუგეგმავად შეუერთდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული წევრები და პრობლემებიც მათ გაერთიანებაში ყოფნას უკავშირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი სანდრო ცაგარელი იყო:

“იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოძრაობასთან შეუთანხმებლად, მან [სანდრო ცაგარელმა] ინდივიდუალურად დაამყარა კონტაქტი სამინისტროსთან და ა.შ. რამაც, ბუნებრივია, არსებული ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა. აუდიტორიაში რამდენჯერმე იდგა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული წევრებისა და მათი მხარდამჭერების წასვლის საკითხი, საბოლოოდ კი გამოვიდა ისე, რომ დღეს ეს ადამიანები აღარ არიან ჩვენს გვერდით. ახლა კი ცდილობენ, წარმოაჩინონ ისე, რომ აუდიტორია დაიშალა, და ავრცელებენ უამრავ ჭორებს. მაგალითად, თურმე ლევან ლორთქიფანიძეს ხუხაშვილი, ალასანია, ბურჭულაძე და პრეზიდენტი მართავს ერთდროულად. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე სერიოზული პასუხის გაცემისაგან თავს ვიკავებთ. ვის არ უნდა წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერი სტუდენტური მოძრაობა, ამას ყველანი ვხვდებით,” – აცხადებს გიორგი არობელიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

როგორც სტუდენტურ გაერთიანებაში აცხადებენ, “აუდიტორია #115” უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილების მოთხოვნით აგრძელებს მუშაობას და 15 ივლისის არჩვენებისათვის ემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი