“ავღანეთში სამხედრო სამშვიდობო მისიას (ISAF) ქართველი სამხედროები ჰელმანდის სამ პროვინციაში ასრულებენ. ქართველი სამხედროები აქტიურად არიან ჩართულები კოალიციის ჯარებთან ერთად ამ კამპანიაში და ბრწყინვალედ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას. ამ სამუშაოს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადგილობრივი მოსახლეობა ჰელმანდში ახლა გაცილებით უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე 4 წლის წინ,” – განაცხადა თბილისში ვიზიტად მყოფმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში აბდულ ალი შამსიმ დღეს საქართველოში, აშშ-ის საელჩოში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მან ასევე ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების უნარ–ჩვევებსა და ჰელმანდის რეგიონებში ადგილობრივებთან მათ ურთიერთობებს.
“ქართველები ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ ავღანეთის მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა და საკუთარ ხალხს თავად მიაწოდოს სხვადასხვა მომსახურება. ქართულ ჯარებს დიდი წვლილი მიუძღვით ჯარების მომზადებაში და უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში. მალე სრულად ექნება ავღანულ ჯარს იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ უზრუნველყოს უსაფრთხოება ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენს პროვინციაში გადაადგილება ხალხს თავისუფლად და უსაფრთხოდ შეუძლია, მათ შორის – ბავშვებს. ამ გარემოში ავღანეთის მთავრობა სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მიმდინარეობს მშენებლობები. ადრე კი აქ თალიბანის, ნარკომოვაჭრეებისა და სხვა კრიმინალების თავშესაფარი იყო. რეგიონში კრიმინალიც მკვეთრად შემცირდა”, – განაცახდა აბდულ ალი შამსიმ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ძალების დახმარებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.
“თავიდანვე შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა ახლო ურთიერთობები ადგილობრივ და საერთაშორისო სამხედრო ძალებს შორის. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მნიშვნელვანი ცვლილებები, გარდამტეხი პროცესები ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. უსაფრთხოება და პროგრესიც შეინიშნება რეგიონში. სამი რაიონი ჰელმანდის პროვინციაში უკვე სრულად არის ავღანეთის ჯარის კონტროლის ქვეშ. თალიბანისგან ეს რაიონები უკვე გაწმენდილია. ორი კვირის წინ მე ვიყავი მუსაკალას რაიონში, ველაპარაკე ადგილობრივ გუბერნატორს და ვკითხე, ტრანსპორტირების მხრივ რა მდგომარეობა იყო. მან მითხრა, რომ ყოველდღიურად 200 ავტომობილი მოძრაობს მუსაკალადან დედაქალაქის მიმართულებით. უსაფრთხო გახდა გადაადგილება. სწორედ ამ რაიონში არის ქართული ჯარი თავმოყრილი. ვიმეორებ, დიდია მათი წვლილი რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის,” – განაცხადა აბდულ ალი შამსიმ.
კითხვაზე, რამ გამოიწვია დეკემბრისა და იანვრის თვეში ქართველი სამხედროების დაღუპვა-დაჭრა, მთავარ მიზეზად ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მრჩეველი თალიბანის მიერ გაკეთებულ იმპროვიზირებულ ასაფეთქებლებს ასახელებს.
“მე შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ თალიბანი მთლიანად დამარცხებული არ არის, მაგრამ ჰელმანდის პროვინციაში მათ აღარ შესწევთ იმის ძალა, რომ უშუალოდ პირისპირ ბრძოლებში ჩაერთონ კოალიციის ძალებთან. ძირითადად, ისინი იყენებენ ხელნაკეთ ასაფეთქებლებს. თუმცა, იმის გამო, რომ მათ აღარ შესწევთ ძალა ბრძოლა გაუმართონ კოალიციასა და ავღანეთის ძალებს, ისინი იყენებენ ამ იმპროვიზირებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. რაც შეეხება ბოლო აფეთქებას, რომელიც მოხდა ხელნაკეთი ასააფეთქებლით და ის მსხვერპლი, რომელიც ქართულმა ჯარმა გაიღო, ეს იყო ასაფეთქებელი მინებითა და იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით გამოწვეული,” – აღნიშნა აბდულ ალი შამსიმ და დასძინა, რომ თალიბანის მხრიდან პირდაპირი შეტევები აღარ ხდება და სამხედროების დაჭრა, დაღუპვა თალიბანის მიერ გაკეთებული ასაფეთქებლებითაა გამოწვეული.
“მე ვიყავი იმ ბანაკში, სადაც ქართული ჯარებია დისლოცირებული და ვესაუბრე ბატალიონის სარდალს, ბატონ ნაკანს და მას ვკითხე, რამდენად ჰქონდათ პირისპირი შებრძოლებები და მან გვითხრა, რომ იყო ერთი თუ ორი შემთხვევა, თუმცა ამ ბოლო პერიოდში მსგავსი შეტაკებები აღარ ხდება,” – განაცხადა შამსიმ.
შეხვედრის ბოლოს მან კიდევ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების როლს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და აქვე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის ძალა, რომელიც საერთაშორისო მისიაში მონაწილეობს, ISAF-ის დროშის ქვეშ ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვის და მოქმედებს. ისინი ერთი მაგიდის გარშემო იღებენ გადაწყვეტილებას.