ახალი ამბები

მომხმარებელი.ge: „სამგორი“ მომხმარებელს ატყუებს

17 თებერვალი, 2012 • 1724
მომხმარებელი.ge: „სამგორი“ მომხმარებელს ატყუებს

„სამგორის“ „კარაქი“ საერთოდ არ შეიცავს რძის ცხიმს, – ასეთია ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადებული დასკვნის შედეგი.

პროექტის„ მომხმარებლები აკონტროლობენ სურსათის ხარისხს“ წარმომადგენლებმა 26 იანვარს თბილისის ერთ–ერთ მაღაზიაში შეიძინეს დახლზე არსებული „სამგორის“ ორი დასახელების  პროდუქტი: „კარაქი72.5%“ და „კარაქი 60%“.

ორივე პროდუქტი შესამოწმებლად ლაბორატორიაში (“მომავალი საუკუნე”) გაიგზავნა, თუმცა მანამდე მათ მივეცით პირობითი ნომრები (ნიმუში #1 და ნიმუში #3), რათა ლაბორატორიის თანამშრომლებს არ სცოდნოდათ, რომელი ფირმის პროდუქტს ამოწმებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროდუქტს ეტიკეტზე მითითებული ჰქონდა ცხოველური ცხიმის და ძროხის კარაქის (!) შემცველობა, ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, პროდუქტები (ნიმუში #1 და ნიმუში #3) საერთოდ არ შეიცავს რძის ცხიმებს.

კოდექს ალიმენტარიუსის („სურსათის კოდექსი“) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, კარაქი არის რძისგან ან რძის პროდუქტებისგან მიღებული ცხიმ-წყლის ემულსია, რომელშიც რძის ცხიმები 80% ან მეტს შეადგენს. ასევე განმარტავს კარაქს ევროკავშირის 299/114 რეგულაცია. ორივე განმარტების მიხედვით, ნამდვილ კარაქში მცენარეული ცხიმი ან რაიმე სხვა, რძის ცხიმისგან განსხვავებული ცხიმი არ უნდა იყოს.

პროდუქტს, რომელშიც რძის ცხიმთან ერთად სხვა ცხიმიც არის შერეული, ევროკავშირის რეგულაციით, შერეული სპრედი (Blended spread) ჰქვია. თუმცა, როგორც ლაბორატორიიდან მიღებულმა პასუხმა აჩვენა, „სამგორის“ კარაქში არათუ სხვა ცხიმთან შერეული, საერთოდ არ იყო რძის ცხიმი.

“ბუნებრივია, ასეთ პროდუქტს „კარაქი“ არ უნდა ერქვას, რაც ნიშნავს იმას, რომ „სამგორი“მომხმარებელს ატყუებს”, – პროექტის „მომხმარებლები აკონტროლებენ სურსათის ხარისხს“ წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი წერილები უკვე გაუგზავნეს  მეწარმესა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი