ახალი ამბები

თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

8 ივლისი, 2016 • 1397
თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 8 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები იმართება. თსუ-ის ცნობით, არჩევნების შედეგად აკადემიურ საბჭოში, საერთო ჯამში, რექტორის ჩათვლით 15-ის ნაცვლად 36 წევრი იქნება. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ 8 ივლისს 21 საარჩევნო უბანი 10-დან 17  საათამდე იქნება გახსნილი. თსუ-ის ცნობით, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების მიხედვით, დღევანდელ არჩევნებზე აირჩევენ დამატებით თითო წარმომადგენელს 14 კვლევითი ერთეულიდან.

აკადემიური საბჭოს წევრობის მსურველს უნდა ჰქონდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ან პროფესორის აკადემიური თანამდებობის/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა.

2016 წლის 8 ივლისის არჩევნები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დარეჯან თვალთვაძის ბრძანების მიხედვით, დაინიშნა აკადემიურ საბჭოს არჩევნები, მის შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანის მიზნით. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია, თსუ-ის ცნობით, 2016 წლის 30 ივნისს დაიწყო და 4 ივლისს დასრულდა.

არჩევნებში კანდიდატებისათვის ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალს, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო პერსონალს და სტუდენტებს: 10-10 სტუდენტს ოთხი (ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესისა და ფსიქოლოგიისა და განათლების) ფაკულტეტიდან, 8-8 სტუდენტს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტებიდან და 9 სტუდენტს იურიდიული ფაკულტეტიდან. 

თსუ-ს ცნობით, 8 ივლისს, საღამოს 8 საათისათვის, აკადემიური საბჭოს არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, უკვე ცნობილი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი