ახალი ამბებიხელოვნება

თბილისის ისტორია ლეღვთახევის კლდეზე იქნება ნაჩვენები

8 ივლისი, 2016 • 1965
თბილისის ისტორია ლეღვთახევის კლდეზე იქნება ნაჩვენები

10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ყოველ საღამოს 21:00 საათიდან, კომპანია „ბოქს მედია გრუპის“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეოპროექციით კლდეზე ნაჩვენები იქნება თბილისის ისტორია.

“პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ტექნოლოგიების და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებით და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი – ლეღვთახევი შეარჩიეს. ასე დაიბადა კლდეზე თბილისის ისტორიის გაცოცხლების იდეა, რომელიც ხაზს გაუსვამს ბუნებრივად ლამაზ და მეტად საინტერესო ადგილს”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას განსხვავებული კომუნიკაციის საშუალებით.

ლეღვთახევის კლდეზე ვიდეოპროექციით გავა ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეოკლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეოანიმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი