ახალი ამბები

აშშ-ის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად უფრო მეტი ქართველი სტუდენტი დაფინანსდება

7 ივლისი, 2016 • 1355
აშშ-ის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად უფრო მეტი ქართველი სტუდენტი დაფინანსდება

საქართველოში ოფიციალური ვიზტით მყოფმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ “ფულბრაიტის” პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებული სტუდენტების რაოდებობა თითქმის გაორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის უნივერსიტეტებში სასწავლებლად სტიპენდიას უფრო მეტი ქართველი სტუდენტი მოიპოვებს.

ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 6 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

აშშ-ის მთავრობა აფინანსებს ფულბრაიტის სამ აკადემიურ პროგრამას. ახალი შეთანხმების მიხედვით გააორმაგდება ქართველ სტუდენტთა რიცხვი, რომლებიც ისარგებლებენ ფულბრაიტის სტიპენდიით ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად.

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ დაფინანსდება 12-16 სტუდენტი, ნაცვლად 6-8 სტუდენტისა.

“ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების ალბათ ყველაზე ნათელი დემონსტრირებაა ჩვენი მტკიცე, ერთობლივი გადაწყვეტილება ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებასთან დაკავშირებით. მხოლოდ გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა 80 ქართველი ახალგაზრდა. ისინი ცხოვრობდნენ ამერიკულ ოჯახებში და სწავლობდნენ ჩვენს სკოლებში მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის ფულბრაიტის პროგრამის თანადაფინანსებას, რის შედეგადაც გაორმაგდება ამერიკის სასწავლებლებში ქართველი სტიპენდიანტების რიცხვი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის სფეროში ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ყველა ქვეყანაში, სადაც ვიზიტით ვიმყოფებოდი, სადაც პატივი მქონდა, შევხვედროდი ფინანსთა, გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს, ეს ადამიანები, თავის დროზე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობდნენ განათლების მისაღებად. შემიძლია დაგისახელოთ ძალიან ბევრი საგარეო საქმეთა, თუ სხვა უწყებათა მინისტრი, რომლებსაც უთქვამთ ჩემთვის, რომ წლებმა, რომლებიც მათ განათლების მისაღებად გაატარეს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში, უზრუნველყო მათი საგარეო პოლიტიკის უმტკიცესი საფუძველი,”- განაცხადა ჯონ კერიმ 6 ივნისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი