ახალი ამბები

აშშ მზად არის მიიღოს გულენის ექსტრადირების მოთხოვნა შესაბამის მტკიცეულებებთან ერთად

19 ივლისი, 2016 • 1286
აშშ მზად არის მიიღოს გულენის ექსტრადირების მოთხოვნა შესაბამის მტკიცეულებებთან ერთად

“ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთისაგან ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა ფეტულა გულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით,” – ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა გააკეთა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ უკვე აღნიშნა, აშშ მზად არის მიიღოს ექსტრადირების მოთხოვნა შესაბამის მტკიცეულებებთან ერთად.

“როგორც იცით, ექსტრადირების მოთხნის საკითხი არ არის ის, რასაც საჯაროდ განვიხილავთ. რეალურად, ექსტრადირების მოთხოვნა საჯაროდ არ კეთდება,” – ამბობს ტონერი. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ფეტულა გულენის გადმოცემის შესახებ განცხადება მხარდამჭერებთან შეხვედრისას საჯაროდ გააკეთა და აშშ-ს თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

ამერიკა აცხადებს, რომ მოთხოვნა გონივრულ საფუძველსა და შესაბამის სამხილებს უნდა ეფუძნებოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განიხილოს ქვეყნის ხელისუფლებამ ყოფილი იმამის თურქეთისათვის გადაცემის საკითხი. ასევე აცხადებენ, რომ განვითარებული მოვლენები თურქეთისა და აშშ-ის თანამშრომლობაზე გავლენას არ იქონიებს.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ თურქეთის ხელისუფლების მაგიერ. ჩვენ მათ შევთავაზეთ საგამოძიებო პროცესებში დახმარება.”

აშშ კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას თურქეთის მოქმედ ხელისუფლებას, როგორც ნატოსა და ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში.

“ჩვენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაწყების წუთიდან აღვნიშნეთ, რომ თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გვერდით ვიდექით. ჩვენ ასევე შევთავაზეთ მათ დახმარება გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორთა გასამართლების პროცესში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ წამოწყებას. მე არ მსურს გამოვეხმაურო კონკრეტულად 20.000 ადამიანის დაკავებისა და გათავისუფლების საკითხს – ჩვენ ზოგადად ვაფრთხილებთ მათ, რომ არ გადააჭარბონ კანონის ფარგლებს და ერთგული დარჩნენ დემოკრატიული ფასეულობების.”

ტონერი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, რომ ყველანაირი პოლიტიკური კრიზისის დროს შეინარჩუნონ მათი ქვეყნის ძირეული ფასეულობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი