ლიტერატურის მუზეუმი დავით კაკაბაძის ნამუშევრის შესაძენად დახმარებას ითხოვს

ლიტერატურის მუზეუმი დავით კაკაბაძის ნამუშევრის შესაძენად დახმარებას ითხოვს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ლიტარატურის მუზეუმს  დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი მიუტანეს, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა:

” ამაზე მეტყველებს დავით კაკაბაძის წარწერა: „ჭეშმარიტად დიდ პოეტს, ტერენტი გრანელს. იმედია, თქვენი თხოვნა შევასრულეთ. დ. კაკაბაძე. 29 წ.“
ტერენტი გრანელმა კი ორი წლის შემდეგ წააწერა: „მე ტერენტი გრანელი ვარ, ეს ჩემი სახეა. როგორც ცხოვრება მიჰყვება ტალღებს, ისე მიჰყვება ჩემი სული ზეცას. მე არ მინდა მიწაზე, მე მინდა ვიყო სხვაგან. მე რაღაც სხვა მინდა. ტერენტი გრანელი, 1931 წელი,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ლიტერატურის მუზეუმს ამ ნამუშევრის შესაძენად 15 000 ამერიკული დოლარი სჭირდება:
“იმედია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიისთვის ასეთი უნიკალური ძეგლის სახელმწიფო მუზეუმში დაბინავება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა.
ხვალ, 12 საათიდან ყველას შეუძლია მუზეუმში იხილოს მხატვრობისა და ლიტერატურის დამაკავშირებელი ეს უიშვიათესი ნიმუში,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.