ახალი ამბები

თბილისის აეროპორტისკენ ავტობუსები ღამის განმავლობაშიც იმოძრავებს

5 ივლისი, 2016 • 2985
თბილისის აეროპორტისკენ ავტობუსები ღამის განმავლობაშიც იმოძრავებს

თბილისის მერიის ცნობით, აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი 4 ივლიდიდან მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება.

მერიის ცნობით, 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს გადაადგილება დიდი ზომის ავტობუსებით შეეძლებათ.

ღამის საათებში N37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის. თითოეულ ავტობუსში 36 დასაჯდომი ადგილია, ხოლო სრული ტევადობაა 100 ადამიანი.

ღამის საათებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და 50 თეთრი ეღირება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.

უცვლელი დარჩება №37 ავტობუსის მარშრუტი. ავტობუსი გადის სადგურის მოედნიდან. გმირთა მოედნის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლის შემდეგ მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და ჭანტურიას ქუჩიდან ჩაუხვევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შემდეგ გაივლის ავლაბარში, კაჩინსკისა და ბუშის ქუჩებზე და გავა კახეთის გზატკეცილზე. ავტობუსი მოძრაობას დაასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უკუმიმართულებით 37 ავტობუსი გაივლის იმავე მარშრუტს და მისი ბოლო გაჩერება იქნება სადგურის მოედანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი