ახალი ამბები

“რეფორმირების ცენტრი” სესიაშვილის მიერ შესაძლო სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის გამოძიებას ითხოვს

5 ივლისი, 2016 • 1526
“რეფორმირების ცენტრი” სესიაშვილის მიერ შესაძლო სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის გამოძიებას ითხოვს

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრმა მთავარ პროკურატურას მიმართა ირაკლი სესიაშვილის მიერ შესაძლო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელების შესწავლის მიზნით. ამის შესახებ ნეტგაზეთს ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ონიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება აჰმედ ჩატაევის “აგენტობის შესახებ” სესიაშვილის მიერ კურიერის ეთერში გაკეთებულ განცხადებას. ონიანის თქმით, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, იყო თუ არა სესიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფოს საიდუმლოების გამჟღავნება, რაც კანონით აკრძალულია.

“საქართველოში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება ისჯება. მით უმეტეს, ისჯება ისეთი საიდუმლოების გამჟღავნება, რომელიც პირისთვის ცნობილი გახდა მისი სამსახურეობრივი მდგომაროებიდან გამომდინარე. ადამიანი თანამშრომლობდა თუ არა უსაფრთხოების სამსახურებთან, ეს არის სახელმწიფოს საიდუმლოება. ირაკლი სესიაშვილი არის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნდობის ჯგუფის წევრი”, – ამბობს ონიანი.

ნეტგაზეთმა ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოახერხა, თუმცა მან განმარტება IPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

”პირველ რიგში, ვისაც სურვილი აქვს, რომ სიტუაციაში გაერკვეს, კარგად მომისმონოს, რასაც და როგორც ვლაპარაკობ. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ როცა მე ამ ინფორმაციას ვაჟღერებ, ამ ეტაპისთვის უკვე ჩვენმა პარტნიორებმა და სხვებმაც იციან ეს ინფორმაცია, მათ შორის ჩვენმა არაპარტნიორებმაც. ჩატაევი დღეს არის ტერორისტად აღიარებული და, შესაბამისად, ტერორისტებს უნდა ვებრძოლოთ და არა დავიცვათ ისინი. თავის დროზე ბინ ლადენიც თანამშრომლობდა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ როცა ტერორისტი გახდა, ამის შესახებ ღიად იყო გაცხადებული. აქ რაიმე კანონდარღვევასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. ამიტომ სანამ ვინმე შეეცდება, ასე ვთქვათ, ვითომ სახელმწიფო ინტერესების შემცველი ინფორმაციის დაცულობისკენ მომიწოდოს, სჯობს კანონმდებლობაში და სიტუაციაში გაერკვეს. მე კანონი არ დამირღვევია, ეს ძალიან ცხადია და ვისაც ეჭვი ეპარება, ვურჩევ კანონმდებლობაში ჩაიხედოს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერით განაცხადა, რომ აჰმედ ჩატაევი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს უშიშროების აგენტი იყო.

“ახმედ ჩატაევი, სამწუხაროდ, იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი. ის მიხეილ სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის საშუალებით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და შესაბამისი ოპერატიული დავალებებით სხვადახვა ქვეყანაში მოქმედებდა, მიდიოდა მივლინებებში, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს და მუშაობდა სააკაშვილზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.

პარლამენტარის ბრალდებით, ახმედ ჩატაევი უკრაინაში დააკვეს, რა დროსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩათვალა საჭიროდ მისი გამოყენება. როგორც სესიაშვილი ამბობს, მას “შეუკერეს საქმე”, ხოლო როცა მოხდა მისი ექსტრადირება, მოუხსნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც გახდა უშიშროების აგენტი.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია.

რაც შეეხება მისი დაკავების მოტივს, სესიაშვილი ამბობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ჩატაევი ხელისუფლებამ აღარ დაინდო, რადგან ძალიან ბევრი რამ იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი