ნეტგაზეთი | ჭუბერის თემი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ – მოთხოვნათა 4-პუნქტიანი წერილი ხელისუფლებას ჭუბერის თემი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ – მოთხოვნათა 4-პუნქტიანი წერილი ხელისუფლებას – Netgazeti

ჭუბერის თემი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ – მოთხოვნათა 4-პუნქტიანი წერილი ხელისუფლებას

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი 4-პუნქტიანი მოთხოვნათა წერილით შეიმუშავეს. ისინი განსაკუთრებით ნენსკრაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ სურთ, რომ შეწყდეს პროექტის დაფინანსების განხილვა სანამ:

  1. არ შეიქმნება ალტერნატიული პროექტი, რომელიც არ გულისხმობს ხეობის დატბორვას;
  2. არ იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა სარგებელს მოუტანს პროექტი თემს და რამდენად საპირწონეა ეს სარგებელი იმ ზიანის, რაც მიადგება ქვეყანას;
  3. არ მოხდება გეოლოგიური საფრთხეების შესწავლა და თემისათვის წარდგენა
  4. არ მოხდება პროექტის საჯარო განხილვა, სადაც ჩართულები იქნებიან, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქცია ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი

აქცია ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი

ნენსკრას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგიობრივებმა არაერთი აქცია გამართეს. მაისში გამართულ აქციაზე 8 პირი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ჰესის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. ჰესის შმენებლობას საბანკო სესხის ნაწილში “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, “აზიის განვითარების ბანკი” და კორეის “ექსიმ ბანკი” მონაწისლეობენ. ჰესის გამომუშავება წელიწადში 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი