Kyiv, Ukraine, July 16, 2026. REUTERS/Thomas Peter

ხუთშაბათს დილით უკრაინის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო პოპულარული თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგ.

სულ რაღაც ექვსი თვის წინ დანიშნულმა ფედოროვმა რეფორმატორის რეპუტაცია მოიპოვა, მისი მიზანი უკრაინის მცირერიცხოვანი არმიის უფრო ეფექტიან საბრძოლო ძალად გარდაქმნა იყო.

ოთხშაბათს, გვიან ღამით, ფედოროვმა სოციალურ ქსელებში დაადასტურა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა და აღნიშნა, რომ დიდი პატივი იყო ემსახურა უკრაინელი ხალხისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე. ფედოროვმა ჩამოთვალა მისი გუნდის მიღწევები და დაწერა ისიც, რისი გაკეთება ვერ მოასწრო.

„მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც იცავს უკრაინას და მუშაობს გამარჯვებისთვის. მადლობა ჩემს მთელ გუნდს ეფექტიანი, 24/7 რეჟიმში მუშაობისთვის. ცალკე მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!

მე გავაგრძელებ მუშაობას იმ მისიისთვის, რომლითაც თავდაცვის სამინისტროში მოვედი — მტრის დამარცხება ასიმეტრიით, ინოვაციების სისწრაფითა და ორგანიზაციული სიძლიერით. გაგრძელება იქნება“, – დაწერა მან.

ეს გადაწყვეტილება არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული სამთავრობო კაბინეტის მასშტაბური გადახალისების ნაწილი. კანონმდებლების განცხადებით, ენერგეტიკის სფეროს ხელმძღვანელის, სერგი კორეცკის ხელმძღვანელობით წარდგენილი ახალი მთავრობის პროექტის მიხედვით, ფედოროვს შეცვლის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო.

მედია წერს, რომ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, რასაც მომიტინგეები უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებულ შიდა დაპირისპირებად აღიქვამენ ფედოროვსა და მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის შორის.

AFP-სთან საუბარში აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ზელენსკი გადაწყვეტილებას შეცვლის.

ფედოროვის გადაყენების პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ, პავლო იელიზაროვმაც.

„მიმაჩნია, რომ მ. ფედოროვის ჩამოშორება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის უდიდესი ბოროტებაა“, — დაწერა იელიზაროვმა Facebook-ზე და თან დაურთო გადადგომის შესახებ განცხადების ასლი.

რატომ შეიძლება გადაეყენებინათ მიხაილო ფედოროვი

„უკრაინსკა პრავდა“    ესაუბრა პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს, რომლებიც ფრაქციის სხდომას ესწრებოდნენ. მათი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის უჭირდა ამ თემაზე საუბარი და აშკარა იყო, რომ მისთვის ფედოროვის გათავისუფლება „მძიმე გადასატანი იყო“.

„უკრაინსკა პრავდას“ თანამოსაუბრეების თქმით, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვეღარ შეეგუებოდა მუდმივ კონფლიქტს თავდაცვის მინისტრსა და მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის შორის.

„ისინი ორ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. მიშას (მიხაილოს) ყველაფრის გაციფრულება და სისტემის ტექნოლოგიების გარშემო აგება სურს. სამხედროებს კი უბრალოდ უნდათ, რომ მათი ხმა ესმოდეთ. ისინი ითხოვენ შეიარაღების ერთი კონკრეტული ნომენკლატურის შესყიდვას, ის კი უარს ამბობს და სხვა მიმართულებებს აფინანსებს. მათ უბრალოდ შეწყვიტეს ერთმანეთის მოსმენა“, — ასე გადმოსცა პრეზიდენტის სიტყვები ერთ-ერთმა დეპუტატმა მედიასთან.

„უკრაინსკა პრავდას“ კიდევ ერთი თანამოსაუბრე ზელენსკის უფრო მკვეთრ გამონათქვამს იხსენებს, რომლის მიხედვითაც, სირსკი პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ ფედოროვი კონკრეტული ოპერაციებისთვის არაფერს აძლევდა, ფედოროვი კი აცხადებდა — „ყველაფერი მივეცით, უბრალოდ ამას არასწორად იყენებენ — არც ისე და არც იქ, სადაც საჭიროა“.

გამოცემის მიხედვით, ზელენსკი ცდილობდა დეპუტატებისთვის ეთქვა, რომ მისი მთავარი მოტივი არმიასა და მთავრობას შორის ურთიერთობების დაბალანსება იყო.

„მე ვერ დავუშვებ, რომ მებრძოლ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ერთმანეთს ებრძოდნენ. წესით, ორივე უნდა შეიცვალოს. მაგრამ ერთდროულად ამის გაკეთება არ შემიძლია“, — უთხრა ზელენსკიმ დეპუტატებს „უკრაინსკა პრავდას“ მიხედვით.

მედიის ცნობით, რეზიდენტმა ხაზი ცალკე გაუსვა იმ ფაქტს, რომ ფედოროვმა ვერ განახორციელა მის მიერ დაპირებული მობილიზაციის რეფორმა.

იხილეთ ასევე:

უკრაინის რადამ იულია სვირიდენკოს პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა