ახალი ამბები

პრეზიდენტი: ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შევეცდებით

1 ივლისი, 2016 • 1219
პრეზიდენტი: ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შევეცდებით

თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო  არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის პრობლემა და  დაძაბულობა შესაძლებელია მოიხსნას ინტენსიური დიალოგით, იმ საჭიროებებზე და ღირებულებებზე მსჯელობით, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს გააჩნიათ.  საქართველომ მტკიცედ განაცხადა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, სამხედრო გზით არ შევეცდებით. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ასევე მტკიცედ ჩაერთოს მოლაპარაკებების და სიტუაციის დარეგულირების პროცესში,” – განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ  უსაფრთხოება საქართველოს და რეგიონის მთავარი საზრუნავია.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეისათვის ევროპასა და საქართველოში ბოლომდე დაცული არ არის ის პრინციპები,  რომლებიც  ეუთოს წევრებს აერთიანებთ.

“ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია და ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ გავლებულია გამყოფი ხაზები. ხაზები, რომლებიც არ აძლევს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილდეს, ისაუბროს თავის ენაზე, ისწავლოს თავის ისტორია, იყოს ჩართული ქვეყნის ერთობლივი აღმშენებლობის საქმეში.”

მარგველაშვილის აზრით,  ასეთი პროცესის გაღრმავება შესაძლებელს ხდის ისეთი  პრობლემების გაღრმავებას, როგორიც არის ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი, ბირთვული ნარჩენებით უკანონო ვაჭრობა.

“საქართველო, ყველა ამ შემთხვევაში, მზადაა მოლაპარაკებებისთვის,  ვითარების მოგვარებისთვის და აქტიური კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. ჩვენ ეუთოსთან ვთნამშრომლობთ არა მარტო უსაფრთხოების კონტექსტში.  ჩვენი ქვეყანა, ევროპული და აზიური რეგიონის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია თანამშრომლობის შესაძლებლობების გახსნის მიმართულებითაც.”

პრეზიდენტის განცხადებით, ეუთო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად უნდა ჩაერთოს:

“ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი კოლეგების კომენტარებს, ვაანალიზებთ რჩევებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ველოდებით თქვენს ძალიან აქტიურ ჩართულობას, თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მთავარი შეკვეთა განვახორციელოთ და ჩამოვაყალიბოთ ფუნქციური დემოკრატიის ღირებულებებზე და იდეალებზე დამყარებული საარჩევნო პროცესი,”-  განაცხადა მარგველაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება. თბილისი  ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს თემით: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.  საპარლამენტო ფორუმს 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მისი წევრი 57 ქვეყნიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი