ახალი ამბები

ტელევიზიების შემოსავლები მცირდება

1 ივლისი, 2016 • 1582
ტელევიზიების შემოსავლები მცირდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით სატელევიზიო მაუწყებლების შემოსავლები შემცირებულია.

დღეს, 1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშის მიხედვით,   2015 წელს 2014 წელთან შედარებით 10.5%-ით შემცირდა სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავალი და 84.7 მლნ ლარი შეადგინა. ამ მონაცემებით,  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 2015 წელს 38 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ტელეკომპანია  “იმედმა”- 25,1 მილიონი,  ხოლო სტუდია მაესტრომ – 5,1 მილიონი ლარი.

2014 წელს “რუსთავი 2”-ის შემოსავალი 45 მილიონი ლარი იყო, “იმედის” -22 მილიონი, ხოლო “მაესტროს” შემოსავალი- 10 მილიონი ლარი.

2016 წლის 1 კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ამ სამი ტელევიზიიდან მხოლოდ “მაესტროს” შემოსავალი გაიზარდა, ხოლო “რუსთავი 2”-ის და “იმედის” შემცირდა. კერძოდ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2016 წლის პირველ კვარტალში “რუსთავი 2”-ის შემოსავალი 1,6 მილიონი ლარით შემცირდა და 7,7 მილიონი ლარი შეადგინა. “იმედის” შემოსავალი 3,8 მილიონი ლარია, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 4,7 მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება “მაესტროს”, მისი შემოსავალი 1,4 მილიონი ლარია, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 0,3 მილიონი ლარით აღემატება. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2016 წლის პირველ კვარტალში სხვა ტელევიზიების შემოსავალი 4,5 მილიონი ლარია, რაც გასული წლის მაჩვენებელს 0,6 მილიონით აღემატება.

ტელევიზიების შემოსავალი

2016 წლის 1 კვარტლის წინასწარი მონაცემებით, სატელევიზიო მაუწყებლების შემოსავალი, ჯამში, 17,3 მილიონი ლარია, ხოლო 2015 წლის იმავე კვარტალში შემოსავალი 19 მილიონი ლარი იყო. ამავე მონაცემებით, პირველ კვარტალში სასპონსორო შემოსავალი 1,4 მილიონი ლარია, როცა გასულ წლის იმავე პერიოდში ეს შემოსავალი 4,1 მილიონი ლარი იყო. წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0,9 მილიონი ლარით გაიზარდა სარეკლამო შემოსავალი და 13,1 მილიონი ლარი შეადგინა.

კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელის, ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, შემოსავლების შემცირება სხვადასხვა ფაქტორთან, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებთანაა კავშირში:

“მთლიანობაში, ტელევიზიების შემოსავალი 2015 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 9 მილიონი ლარით არის შემცირებული. რეგიონში სარეკლამო შემოსავლები სერიოზულად არის შემცირებული და რეგიონის ფონზე საქართველოს მეტ-ნაკლებად კარგი მდგომარეობა აქვს. გარდა ამისა, 2015 წელს დაიწყო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება სარეკლამო რეგულაციების კუთხით, რაც წელსაც გრძელდება. გარდა ამისა, 2014 წლისგან განსხვავებით, 2015 წელი საარჩევნო წელი არ იყო, თუმცა ეს მთავარი განსმსაზღვრელი არ არის, ” – აღნიშნა აბაშიძემ.

ვახტანგ აბაშიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი