ახალი ამბები

რას ფიქრობენ ახალციხეში მეჩეთის რეაბილიტაციის თაობაზე

8 თებერვალი, 2012 • 1983
რას ფიქრობენ ახალციხეში მეჩეთის რეაბილიტაციის თაობაზე

ახალციხის მეჩეთი
ახალციხის მეჩეთი

ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთი, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, სალოცავი ფუნქციით არ აღდგება. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ, მალხაზ გიქოშვილმა მიაწოდა.

ახალციხეში 2011 წელს დაწყებული რაბათის უბნის რესტავრაციის პროექტში მეჩეთის რესტავრაციაც შევიდა და უკვე რამდენიმე თვეა, რაც მეჩეთი ხარაჩოებშია მოქცეული. მეჩეთის, ისევე როგორც მთლიანი რაბათის უბნის რესტავრაცია, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტით ფინანსდება, თუმცა, როგორც ახალციხის გამგეობაში აცხადებენ, ჩადებულია თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც.

“რაბათი კეთდება როგორც ტურისტული ზონა და ამ მხრივ, გამორიცხულია, მეჩეთს სალოცავი ფუნქცია აღუდგეს. როცა ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სასტუმროდ გადაკეთება დაიწყეს მუშებმა და საათის ჩასასმელი ადგილი გაკეთდა მრგვალი გუმბათივით, მოსახლეობაში მაშინ გაჩნდა ვნებათაღელვა და მოგვიწია ხალხის დარწმუნება, რომ აქ შენდებოდა სასტუმრო და არა მეჩეთი. ამავდროულად, მეჩეთს რომ აღუდგეს სალოცავი ფუნქცია, ამის საჭიროებასაც ვერ ვხედავ, – აქ ცოტა მუსლიმი ცხოვრობს“, – აცხადებს მალხაზ გიქოშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მაჰმადიანი მესხების 26მდე ოჯახი ცხოვრობს.

საქართველოს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალციხეში მეჩეთის რესტავრაციისა და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის სანაცვლოდ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს– იშხანსა და ოშკს– ჩაუტარდება რესტავრაცია. ამ დროისთვის თურქულ მხარესთან მხოლოდ ზეპირი შეთანხმებაა მიღწეული.

არმენოლოგი ნინო ზუმბაძე იმ ჯგუფში იყო, რომელიც სამცხეჯავახეთიდან პირველად წავიდა ტაოკლარჯეთში:

,,ემოცია იყო დიდი. მთელი ჯგუფი ტიროდა. ამიტომ აქ მეჩეთი აღდგეს, როგორც ისტორიული ძეგლი, სავსებით ვეთანხმები, თუკი მის სანაცვლოდ გადარჩება ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა“.

ადგილობრივი ჰაიკ პეტროსიანი ამბობს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით მიღწეულ ზეპირ შეთანხმებას დროულად უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები:

“ოშკი ისეთ მდგომარეობაშია, შეიძლება თოვლმა მთლიანად დაანგრიოს, ამიტომაც გონივრული გადაწყვეტილება იქნება,  მოლაპარაკებების განხორცილება რეალურად უკვე დაიწყოს. მეჩეთი აქ იქნება როგორც ისტორიული ძეგლი და თუ რესტავრაციით თუნდაც ორ ტაძარს ეშველება, მოლაპარაკება გამართლებულად უნდა ჩაითვალოს“, – ამბობს პეტროსიანი.

,,ისტორიული ძეგლია და აუცილებელია აღდგენა. მით უმეტეს, თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენი ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია. ის, რომ დანგრევას გადავარჩინოთ ჩვენი ისტორიული ძეგლები, მომხრე ვარ, თუმცა საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით მომხდარიყო შეთანხმება, როგორც განადგურების პირას არსებული ძეგლების, და ეს საკითხი არ ყოფილიყო სავაჭრო ორ ქვეყანას შორის, უკეთესი იქნებოდა“, – უთხრა “ნეტგაზეთს”კონსერვატიული პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ოლეგ სანდროშვილმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი რევაზ ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ძეგლების შესანარჩუნებლად არასასურველ პირობებზეც კი უნდა წავიდეთ:

,,ან კიდევ საქართველოში 150მდე მეჩეთში სუიტური და შიიტური წესით ღვთისმსახურება აღესრულებოდა და ახლა ორი მეჩეთის რესტავრაცია რას მოგვიტანს?!“ – უკვირს რეზო ანდღულაძეს.

ეთანხმებით თუ არა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების რეაბილიტაციის სანაცვლოდ ახალციხეში მეჩეთის რესტავრაციას?ამ შეკითხვით ახალციხეში 11 ადამიანს მივმართეთ. ექვსმა მათგანმა თანხმობა განაცხადა, ხუთმა კი აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არიან, რადგან, მათი თქმით, მეჩეთის რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლოა, მალე მისი ფუნქციონირების საკითხიც დადგეს.

მეჩეთი, რომლის რესტავრაციაც ახალციხეში უკვე დაწყებულია, 1752 წელს აზი ახმედ ფაშას მიერ აშენდა.

ამავე თემაზე:

რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება

მასალების გადაბეჭდვის წესი