ახალი ამბები

მარგველაშვილის მხარდაჭერა გიგი წერეთელს oscepa-ს პრეზიდენტის არჩევნებზე

29 ივნისი, 2016 • 1757
მარგველაშვილის მხარდაჭერა გიგი წერეთელს oscepa-ს პრეზიდენტის არჩევნებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია არაკომპეტენტური და მავნებლურია. გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (oscepa) პრეზიდენტობის კანდიდატია [ევროპის სახალხო პარტიის სახელით], თუმცა საქართველოს დელეგატები [საპარლაემნტო უმრავლესობიდან] მის მხარდაჭერას არ აპირებენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებები 1-5 ივლისს საქართველოში გაიმართება და სწორედ აქ აირჩევენ ახალ პრეზიდენტს.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ესაა უნიკალური ფორუმი, რომელიც საშუალებას იძლევა, სხვა საკითხებთან ერთად, ფოკუსირებული იყო შენი ქვეყნის პრობლემებზე იმავე უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით. თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიდგომა აბსოლუტურად არაკომპეტენტური და მავნებლურია. მაქვს პატივი, ორჯერ ვიყო არჩეული ეუთოს ვიცე-პრეზიდენტად. უპრეცედენტო მოვლენაა, როცა ევროპის პოლიტიკური გაერთიანება მხარს ქართველ კანდიდატს უჭერს. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, უადგილოა პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბარი. მთავარია, საქართველომ ხელიდან არ გაუშვას შანსი, რომ უკეთ იყოს წარმოდგენილი და მეტი ბერკეტი ჰქონდეს. პრეზიდენტის განცხადება ამ თვალსაზრისით ადეკვატური იყო, მისი მხარდაჭერა იყო საქართველოს მხარდაჭერა. ხელისუფლებამ კი უკეთ უნდა გაიაზროს თავისი პოზიცია და ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილი არ მიაყენოს“ – განაცხდა გიგი წერეთელმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერს გიგი წერეთლის კანდიდატურას და იმავეს მოუწოდებს საქართველოს დელეგატებს, რომლებიც მარგველაშვილისაგან განსხვავებით ხმის უფლებით სარგებლობენ:

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და სადაც უნდა მოხდეს ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა.

საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, ამ პოზიციაზე აირჩეს ქართველი დეპუტატი. ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო თვალსაზრისით, ამ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციაში საქართველოს თემების უკეთ წამოსაწევად, შესაძლებლობებს  კიდევ უფრო გაზრდის.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დეპუტატ გიგი წერეთლის კანდიდატურას.

გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ინეტერსებიდან გამომდინარე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იმავეს მოუწოდებს საქართველოს დელეგატებს”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

“ქართული ოცნება”, როგორც ევროპის სოციალისტური პარტიების ბანაკის წევრი, მხარს უჭერს იმ კანდიდატურას, რომელიც წამოყენებული იქნა ევროპის სოციალისტური პარტიების მიერ. ის პარტია, რომელსაც წერეთელი წარმოადგენს, ნამდვილად არ არის ის, რომელსაც შეუძლია რამე დადებითი გაკეთება ამ ქვეყნისთვის და ევროპისთვის”, – ამბობს რუსთავი 2-თან საუბარში სოზარ სუბარი მთავრობისა და “ქართული ოცნების” წევრი. იმავე აზრზეა ეკა ბესელია:

“ენმ-ის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დაგვარწმუნებს ჩვენ, რომ რომელიმე საპასუხისმგებლო თანამდებობას და პოზიციას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს. ამაში მე ვერავინ დამარწმუნებს და არ მგონია, რომ ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან და ჩვენი პარტიიდან სხვა აზრი ჰქონდეთ”, – თქვა ბესელიამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია [ძირითადი შემადგენლობა] საქართველოდან შემდეგი დელეგატებისაგან შედგება: დავით უსუფაშვილი, თედო ჯაფარიძე, გიგი წერეთელი, აკაკი მინაშვილი, გია ვოლსკი. რაც შეეხება სათადარიგოს შემადგენლობას, ისე ასეთია: მარიკა ვერულაშვილი, ვიქტორ დოლიძე, კახაბერ ოქრიაშვილი, მალხაზ ვახტანგიშვილი, ლევან ბეჟაშვილი. სულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას 323 ძირითადი წევრი ჰყავს. ამჟამინდელი პრეზიდენტი ილკა კანერვა (ფინეთი) 2014 წელსაა არჩეული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი