ახალი ამბები

შემოქმედის ეპარქიის განცხადებით, მღვდელი პოლიციას არ უცემია

26 ივნისი, 2016 • 1801
შემოქმედის ეპარქიის განცხადებით, მღვდელი პოლიციას არ უცემია

შემოქმედის ეპარქია აცხადებს, რომ სასულიერო პირი ლანჩხუთში პოლიციას არ უცემია და მღვდელმა მექანიკური დაზიანება გადაყვანის დროს მიიღო. ეპარქიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ვინაიდან შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები იმყოფებოდა იტალიაში, ქ.ბარიში წმ.ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად, მისი ლოცვა-კურთხევით ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას. მამა გაბრიელსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გახდა საჯარო განხილვის ობიექტი. გამომდინარე აქედან თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გავაკეთოთ განმარტება, რომელიც ნათელს მოჰფენს შექმნილ ვითარებას და პასუხს გასცემს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს, საქმე ის არის, რომ მამა გაბრიელი მართლაც გადაადგილდებდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობში, მაგრამ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა, უბრალოდ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა აღემატებოდა კანონთ გათვალისწინებულ ნორმებს, გადაადგილების დროს გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და მოსთხოვა ალკოჰოლური თრობის ტესტის გავლა, მამაომ განუმატა მათ, რომ მას ჰქონდა მიღებული სასმელი. საპატრულო პოლიციის მხრიდან მოთხოვნილი იქნა ავტომობილის ჩამორთმევა, რაზეც მამაომ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, რადგან მისი თრობის დონე არ უშლიდა ხელს ავტომობილის მართვაში და არ უქმნიდა საფრთხეს ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებს.

რაც შეეხება მიღებულ დაზიანებას, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პატრულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ შეხებას და, მით უმეტეს, ცემის ფაქტს. უბრალოდ, გადაყვანის დროს მოხდა მექანიკური დაზიანება(კერძოდ მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია სისხლდენა)”, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი  გაბრიელ კახელიშვილი რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

“როგორც კურიერთან საუბრისას მღვდელი ყვება, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით, მამაომ ავტომობილი ქართული ოცნების ოფისთან გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა  და სასტიკად სცემა”, – იუწყება რუსთავი 2.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს საჯარო გახადოს ვიდეომასალა, რომელიც უწყების განცხადებით ლანჩხუთში სასულიერო პირი მხრიდან თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ასახავს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიდეოჩანაწერი საპატრიარქოს გაეგზავნება:

“2016 წლის 26 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სასულიერო პირი რომან კ. მართავდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასულიერო პირს განუმარტა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით, მით უფრო, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იყო არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ საფრთხეს უქმნიდა თავად მძღოლის, მისი მგზავრებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს. სამართალდამცველებმა რომან კ.-ს არაერთგზის შესთავაზეს, რომ თავად მიიყვანდნენ შინ, რასაც მისი მხრიდან აგრესია მოჰყვა. სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. სამართალდამცველებმა რომან კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაკავებულმა ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად სასულიერო პირი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი